ძებნა

Sunday, November 9, 2014

,,მე ლონდონში ვსწავლობდი“

...დღეს მომხდარი ფაქტით დავიწყებ. დამღლელი და სრულიად მჯდომარე 2 კვირის შემდეგ (მანქანა-ოფისი, მანქანა-სახლი) უმოძრაობით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩებისთვის ფეხით შეგვეტია ( მე და დედა ). აქ არც ისე განებივრებულები ვართ გემოვნებიანი ტანისამოსის არჩევანით, ამიტომ, მაღაზიებში სიარული თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს; ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა და ამ შრომატევად საქმიანობას მივყეთ ხელი. ერთი, ორი, სამი  და.. ერთ ერთ მაღაზიაში, რომლის ,,მმართველი“  შუახნის ,,შუახნურად“ ჩაცმული ქალბატონი ბრძანდებოდა (სხვაგვარად მისი აღწერა უბრალოდ შეუძლებელია), ზოლიანი შარვლით ინსპირირებულმა ისე, სხვათაშორის ვიკითხე: ეს ვინტაჟის მაღაზია ხომ არ არის მეთქი?... და აქ დაიწყო, რაც დაიწყო:... თავისი წარმომავლობითა და საფრანგეთში განვლილი ცხოვრებით ჩემი შეურაცხყოფა: ის, რომ საბურთალოზე ცხოვრობს და ეს უმაღლესი ხარისხის ტანისამოსია და რომ ვინტაჟი,  სადაც ვცხოვრობ, იქ მისწავლია (კონკრეტულად ამ სიტყვას ერჩოდა) , რომ არც კი გაუგია ეგ რა არის, ლონდონში, თუ, ბრიტანეთში, თუ საიდანაც ვარ მოთრეული და იქ რას ამბობენ, არ იცის, არც აინტერესებს... ისევ მეორე წრეზე: რომ საბურთალოზე ცხოვრობს და 4 წელი კი საფრანგეთში უცხოვრია და.. მოკლედ ვინტაჟი თქვენსკენ მოიკითხეთო. მე მივხვდი, რომ ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა: რომ ვინტაჟი ცუდი სიტყვა არ არის და საერთოდაც ეს უფრო კარგს ნიშნავს ვიდრე ცუდს... მოკლედ, გაოცებული და ცოტა შეცბუნებულ-გაბრაზებული გამოვედი მაღაზიიდან.
საერთოდ, გაბრაზებული რომ ხარ, თვალში რატომღაც სულ ცუდი მოვლენები გხვდება და ყურშიც ასევე ,,ჩემიდედები“ ისმის ირგვლივმყოფთაგან.  მივიხედ-მოვიხედე ქუჩაში და დავინახე იქვე, ,,ფეიბოქსთან“ საკუთარი ზინზლიანი ნარჩენები როგორ მიყარა ქალბატონმა, მძღოლები ჯიუტად რომ არ უთმობდნენ გზას არც ფეხით მოსიარულეს, არც ერთმანეთს, მამა ასეირნებს შვილს და თან ტელეფონზე იგინება და რაც ყველაზე მთავარია: ,, არა გოგო აქ რა უნდა, ეგ დიდიხანია (რომელიღაც ევროპულ ქალაქში) ცხოვრობს“- ამაყად აცხადებს ქალბატონი.
და გამახსენდა.... გამახსენდა, რომ შუახნის მაღაზიის მფლობელს ჩემთთვის შეურაცხყოფის მოყენება თავისი წარომავლობით სურდა, რომ მე წესით უნდა შემრცხვეს იმისი, რომ ბათუმელი ვარ, რომ  მას ჰგონია მაგრად ,,მიმალანძღა“, რაკი საბურთალო და საფრანგეთი მიხსენა, ასევე გამახენდა, რომ ეს თემა გახუნდა, მაგრამ ყოველ აღდგომაზე და ყველა ფეხის ნაბიჯზე მაინც თავს გვახსენებს და არც არაფერი შველის. გამახსენდა და გული დამწყდა. ქუჩაში ნაგვის დაყრის პრობლემაც ამ ბედს იზიარებს.
მსგავსი მონოლოგი ხშირად მომისმენია. საამაყო რომ არის წარმომავლობა, ამას კიდევ არაუშავს, ეს  შეურაცხყოფის მიყენების მასალა გახდა. შეურაცხყოფას რომ თავი დავანებოთ, საიდან ამხელა სიძულვილი? ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი. ქუჩაში რომ დადიხარ გხვდება ბოღმით დატენილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან იმითაც კი მოგაყენონ შეურაცხყოფა ან დაგაკნინონ, თუ რა ფირმის კაფელი აქვს აკრული აბაზანაში.
მინდა ამ პრობლემას სხვა კუთხიდან შევხედო. საცხოვრებელი ადგილით თავის გამოჩენა არაა უცხო მთელი მსოფლიოსთვის, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ეს პრესტიჟული ადგილმდებარეობით, უკეთესი ხედით ან რაიმე მსგავსით არაა გამოწვეული. ჩვენ განვითარების ერთ ადგილას აკუმულირების პრობლემა გვაქვს.
საქართველო პატარა ქვეყანაა, ღამის მატარებელიც (თბილისი-მახინჯაური და პირიქით) კი გააუქმეს იმ მიზეზით, რომ მანძილი დიდი არ არის და საჭრიოებას არ აწარმოადგენს. ასე, რომ არამგონია  სირთულეს წარმოადგენდეს სიახლეების სხვადასხვა რეგიონშიც დანერგვა, გარდა თბილისისა. გასაგებია რომ თბილისი დედაქალაქია, გასაგებია რომ ჯერ ყველა სიახლეს იქ უსინჯავენ გემოს, მაგრამ სიახლე ადგილს აღარ იცვლის. ის რჩება დედაქალაქში. შესაბამისად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ირაზმება ხალხი და ავსებს დედაქალაქის სარდაფებსაც კი, რომ როგორმე მსოფლიოს პულსის ფეთქვა იგრძნოს.  ეს უდაბნოში ოაზისის არსებობას ჰგავს, რაც ჩემი აზრით არც ისე კარგი ფაქტია. ბათუმში ვინც ვცხოვრობთ, ცოტა გაგვიმართლა სხვა ქალაქებთან შედარებით. იგივე ტანსაცმელი რომ ავიღოთ, სხვადასხვა დაწესებულება, მაკდონალდსი რომ მაკდონალდსია, ისიც 2 თუ 3 წელია რაც გაიხსნა ბათუმში, ზესტაფონში საერთოდ თუ არსებობს, არ ვიცი, ღონისძიებები მხოლოდ ახალწელზე ტარდება რეგიონებში, ყველა არასაახალწლო კონცერტი, საღამო, ღონისძიება იმართება თბილისში. ვინმე მაინც რომ იყოს დაინტერესებული რეგიონალური განვითარებით, არც თბილისი აივსება ,,მილიონი“ მანქანით, არც ტუბერკულიოზი გაუჩნდება ხალხს ნაქირავებ სარდაფებში, არც საბურთალოზე ცხოვრება იქნება შეურაცხყოფის მიყენების ინსტრუმენტი. ხვადასხვა ღონისძიებების მაძიებელნი ჩვენი ქვეყნის ქალაქებში დავიწყებთ სიარულს და გავეცნობით მათ, ახალგაზრდობა დარჩება რეგიონებში და ეს ფაქტი ქვეყანას ბევრ  სიკეთეს მოუტანს.

P.S. მადლობა იმ ქალბატონს, რომ ჩემი მუზა გახდა.

Sunday, September 14, 2014

ჰოგვარტსი და მტრედის ფოსტა

ოცდამეერთე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოპეაა და გამომდინარე აქედან, მე, ჩემს ირგვლივ ყველას და საერთოდაც მთელ კაცობრიობას ყოველდღე გვიწევს შეხება ამ ტექნოლოგიებთან. მათი დახმარებით ვაგვარებთ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ,- პირად საკითხებს: იქნება ეს პირადი წერილი, ოფიციალური შეტყობინება, საბუთების მიღება და გაგზავნა... ა.შ.
სულ ახლახან დავამთავრე ეუნივერსიტეტი. ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული, ამიტომ ზოგი სერთიფიკატი დღემდე არ მიმიღია და მათ მოლოდინში ვარ. რაც დედაქალაქიდან ჩამოვედი, უკვე მეორედ მომიწია ჩასვლა იქ, ფარატინა ფურცლის გამო. და ასე ხდება მუდმივად... ახლაც ჩემს სახელზე გამოგზავნეს კონვერტი უნივერსიტეტში, რომელიც რომელიღაც პროგრამაში ჩართვის საშუალებას მაძლევს და ველოდები ასევე ერთ-ერთ სერთიფიკატს. რეალური დილემის წინაშე დავდექი: რა ვქნა, ჩავიდე თბილისში გვიან და პროექტში მოხვედრის შანსის შემცირების მიუხედავად ერთად წამოვიღო ორივე მოწმობა, თუ დავხარჯო დრო და თანხა იმისთვის, რომ ჩემთვის კუთვნილი მზა მოწმობა წამოვიღო.
ციფრული ტექნოლოგიები იმიტომ ვახსენე, რომ ხაზი გამესვა, რამდენად განვითარებულია მსოფლიო და რა სამარცხვინოა, როცა პირადად გიწევს კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა და გზავნილის მიღება  6 საათის სავალზე, მაშინ, როცა დრო რეალურად ფულია და ადგილზე უმარავი საქმე გელოდება. მგონი კომპიუტერის გამოგონებამდე არსებობდა ფოსტა, რომელიც საქართველოში აშკარად სიმბოლურ სახეს ატარებს, ფასი კი არანორმალურად დიდი აქვს ისეთი პატარა მასშტაბების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. თუ ფასიანი ფოსტის გამოყენება ეძვირება განათლების სამინისტროს ან სხვა საჯარო დაწესეუბულებებს, არსებობს ელექტორნული ფოსტა , პრინტერი, სკანერი, ფაქსი და სხვა მრავალი საშუალება, რათა მანძილის მიუხედავად დროის მოკლე ინტერვალში მიეწოდოს ადამიანს ინფორმაცია და ფარატინა ქაღალდი.
ალბათ, რიგი ადმაიანები იფიქრებენ, რომ ჩემი ესოდენ კრიტიკული ტონი იმით არის გამოწვეული, რომ სადმე წასვლა მეზარება. თუმცა მე სხვა არუგმენტებიც მაქვს. დღეს ბვერი ქართველი ახალგაზრდა ცდილობს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ისინი ელექტრონულად აგზავნიან საბუთებს უცხოეთის უნივერსიტეტებში და მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ასევე მიღების შესახებ ინფორმაციასაც ელექტრონულად, სკანირებული დოკუმეტით იღებენ, ან ფოსტით. ალბათ ის ქვეყნებიც რომ საქართველოს მოდელით მუშაობდნენ, ცოდნის გამდიდრების მსურველთ,  აქედან წასვლა ნაკლებად მოუნდებოდათ, რადგან დამადასტურებელი საბუთისათვის ევროების გადახდა მოუწევდათ (პლუს წაიმოგზაურებდნენ ). და კიდევ ერთიც, თუ ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას და მათ შორის მთელ რიგ ინსტიტუტებს, გამოდის არც მე მაქვს ზედმეტი 50 ლარი (ეს მინიმუმუა თუ საქართველოს რკინიგზის მეშვეობით ცოტა ,,კომფორტულად“ გსურთ მგზავრობა და თან იაფად) რომ 6 საათის სავალზე წავიდე ფარატინა ქაღალდისთვის დედაქალაქში, როცა იქ სადაც ვიმყოფები თავზე საყრელად მაქვს საქმე. 

Friday, August 8, 2014

სოციალური ასოციალურობისთვის

ინტერნეტსივრცეში გამოჩენისა და მისი ,,გადატრიალების“ დღიდან ,,ფეისბუქის“ შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა და  დასკვნა დაიდო. ,,ფეისბუქმა“ მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი. მილიარდობით ადამიანს, ჯერ დაუბადებელ ბავშვებს, კატებს, ძაღლებს და ყველას, ვინც ამქვეყნად რამედ ღირს, მოუყარა თავი. მავანნი დღემდე საუბრობენ მისი ავ-კარგიანობის შესახებ. რომ მას ბევრი დრო მიაქვს, რომ მისი საშუალებით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ და  მათ შორის გავცემთ კიდეც. ,,შპიონაჟშიც“ კი დასდეს ბრალი.
მოკლედ, დასკვნათა ერთობლიობას ჩემეული შეხედულებაც მინდა დავამატო.
ზემოთხსენებული სოციალური ქსელის მომხმარებელი პირადად მე 2010 წელს გავხდი. დღეს ვხვდები, რომ ფეისბუქი არის ადგილი, სადაც სოციალური არსებები, ანუ ჩვენ, ვეძებთ თანამოაზრეებს; მათ, ვინც დაინტერესდება, თუ რა გვკტივა, რა გვაწუხებს, რა გვიხარია, რა ვჭამეთ, რა ჩავიცვით, სად ვიყავით, რატომ ვართ ,,კარგები“, ზოგადად რა შეხედულებები გვაქვს და ა.შ. რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი პირად ურთიერთობებში გავავრცელოთ? ხომ გვაყვს მეგობრები, ახლობლები, ,,სოულმეითები“ და ა.შ. ?? იმიტომ, რომ ისინი არ არსებობენ მგონი...  რაც უფრო მეტად უსაქმური ან ,,საქმური“ ხარ, მით უფრო ნაკლები მეგობარი გყავს. ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული. ზოგი ასწრებს ისწავლოს სანამ, გათხოვდება/დაქორწინდება, სანამ სანუკვარ სამუშაო ადგილში სხვა შეეცილება, რომ ჯარში არ წაიყვანონ, მუშაობს, ოჯახი ჰყავს, ბავშვს ზრდის, სერიალებითვის სცალია და რაც ყველაზე მთავარია, ფეისბუქითაა დაკავებული. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე მგონია, რომ ჩვენ, ადამიანები, დავრჩით მარტო. არავინ გვყავს, ვისაც გავაკვირვებთ, დავაინტერესებთ.  მე მგონია, რომ საქართველოში ალბათ განსაკუთრებით დაბალი პროცენტია სოციალური ნდობისა, ღიმილისა და დადებითი ემოციებისა. ჩვენ არ ვენდობით ადამიანს, რომელიც პირისპირ გვიდგას, მაგრამ ჩვენს გრძნობებს ვანდობთ 500 + კაცს ერთად და რატომღაც ბოლომდე ვართ დარწმუნებული, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც ბევრი ვიცით მათ შესახებ და საერთოდაც, ყველა ,,ერთ ქვაბში ვცურავთ“ და ფეისბუქზე ეს ,,მოსული“ ამბავია.
რეალურად, ფეისბუქი ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ. ის, რაც რელურ ცხოვრებაში ჭირს, სოცილური ქსელის საშუალებით მოახერხონ; სახელიც აქედან მოდის- ,,სოციალური“. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები უფრო მარტოსულები გახდნენ. ყველა შეეფარა ,,ფეისბუქს“ და უფრო დაშორდა ერთმანეთს.  აქ ჩვენ კიდევ უფრო არ ვაქცევთ ერთმანეთის გრძნობებს ყურადღებას, აქ უფრო მეტად დავემალეთ ერთმანეთს, უფრო გართულდა ურთიერთობები. გამოხედვას, შეხებას და სიტყვებს, ლაიქები, შეარები და კომენტარები დაემატა, რამაც უფრო ჩახლართული გახადა ბრძოლა სულის ნაწილისთვის.
როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, პირველი რას ვაკეთებთ? ვრეკვათ მეგობართან? შეყვარებულთან? დედასთან? მამასთან? ძმასთან? არა! ფეისბუქზე ვდებთ სტატუსს : ,,ფილინგ სედ“, ან ,,დისთროიდ“, ან, ან და ა.შ. იმიტომ რომ გვსიმოვნებს ფართო სცენაზე გამოტანილი ჩვენი ცხოვრება, სელებრითობა. პლუს ამას, ზოგიერთი მარტოსულია და ეძებს ვინმეს, ვინც შეიძლება ზრდილობის ხათრით, ან მივიწყებული მეგობრობის ხათრით ჰკითხავს: რა ხდებაა???? და მასაც გაუხარდება, რომ მსოფლიოში მარტო არ არის. ასევე, მეგობრებიც ერთმანეთის სულიერი მდგომარეობის შესახებ იგებენ სტატუსებით. ამაში გამოიხატება, მე თუ მკითხავთ, ,,ფეიბუქის“ სიკეთენი.
მეორე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ ასობით ადამიანს ვაცნობთ ჩვენს თავს.  ეს არ გამოიხატება იმაში, რომ ვდებთ ახალი სამოსის სურათებს, იმას, თუ სად ვართ, რას ვჭამთ .. მოკლედ, სია გრძელია და არ ჩამოვთვლი.  ხანდახან ისეთ სტატუსებს გამოგვტყუებს ხოლმე ეს ცისფერი სივრცე, რომ ძაალიან ადვილია გაიგო, თუ როგორ შინაგან სამყაროს ატარებს ესა თუ ის ადამიანი: რასისტია, ჰომოფობია, მელანქოლიკია, სანგვინიკია.. მოკლედ ვინც არის. ბოლოს ისე გამოდის, რომ სხვებმა შენზე უკეთ იციან, ვინ ხარ და რაც ხარ. როცა ამაზე ვფიქრობ, სულაც არ მომწონს ეს ამბავი. იმიტომ რომ, მგონი, ამით უფრო უინტერესოები ვხდებით.  და ალბათ მალე რამე ახლის მოგონება მოგვიწევს, რომ ჩვენ, სოციალურ არსებებს, ეს სოციალურობა და ინტერესი ერთმანეთის მიმართ არ გაგვიქრეს. იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამისაა სულის სიშიშვლესთან ერთად სხეულის შიშვლით მოვიზიდოთ ადამიანები ირგვლივ.

ისე გამომივიდა, რომ თითქოს ფეისბუქი ცუდია. პირიქით, მეც ძალიან მიყვარს ის. მართლა უამრავ ინფორმაციას ვიღებ, თუნდაც მათზე, ვინც მაინტერესებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი ბოროტად გამოყენება ურთიერთობებს კლავს... გვაფიქრებინებს, რომ მეგობარი, რომელიც გვერდით გვიზის, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი 500+ კონტაქტი.

Sunday, July 6, 2014

შინ დაბრუნების დროა

მომენტი, როცა ყველაფერი იცვლება ერთგვარი გაურკვევლობის, მოლოდინებისა და იმედების ნაკრებია. ზოგადად ყველანი ყოველდღიურად განვიცდით ცვილებებს,  თუმცა ამას ვერ ვამჩნევთ, ისევე, როგორც დედა ვერ ამჩნევს, როგორ იზრდება შვილი თვალსა და ხელს შუა. გადის დრო და ის უკვე ზრდარულია... თუმცა არის დროება, როცა ცვლილებების ქარს გუმანით გრძნობ. მაშინ ცვლილებებს ან ახორციელებ, ან იძუელბული ხარ განახორციელო...
ყოველთვის მაინტერესებდა, რას განიცდიან ადამიანები, რომელბიც სხვა ქალაქში, ქვეყანაში, კონტინენტზე გადადიან საცხოვრებლად. ბავშვი რომ ვიყავი, ყველა ადგილს თავისუფლად ვეჩვეოდი და ამას არც კი ვიაზრებდი. როცა ასაკი გემატება, ყველაფერზე იწყებ ფიქრს. რა ,,სამძიმო“ ყოფილა. იცი, რაა გადამდები დაავადება, ბაქტერია. ის, რომ ხეს რომ მიეყრდნო , ბალახზე რომ დაჯდე, პანდუსზე რომ შარვლით ჩამოსრიალდე,- დაისვრები და ტანსაცმელი გაფუჭდება. ადრე ეს არ გადარდებდა.

რამოდენიმე დღის წინ უნივერსიტეტი დავამთავრე. სწავლას ჯერ არ ვაგრძელებ, რადგან ბოლოს განათლებას, ჩემივე სურვილით, თვითონ ვიფინანსებ და მომავალშიც ამას ვაპირებ. ჯერ კი სტაბილური სამსახური არ მაქვს. საცხოვრებელ ადგილს ვიცვლი. არა, ამას ტრაგედიად არ განვიხილავ, პირიქით, მიყვარს ჩემი ბათუმი. მეამაყება კიდევაც, რომ მე მას ვუბრუნდები. ვბრუნდები დაცლილ ქალაქში,- აქ არ არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. მე ვტოვებ ქალაქს, რომელიც სავსეა იმ მოვლენებით, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში შევაგროვე და შევიყვარე. დედაქალაქში 17 წლისა ჩამოვედი. აქ გავიზარდე და გავხდი ის, ვინც ვარ. შევიძინე ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან რეალურადაც და მოგონებებშიც. ეს არ იყო მარტო განათლების მიღება, ეს იყო ცხოვერების სკოლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთან ერთად წამოვა და დარჩება სულ. უბრალოდ, ვაცნობიერებ, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და ეს ადრენალინის შეგრძნებას იწვევს. მეამაყება, რომ მოძრაობის სურვილი არ დამიაკრგავს, არ მეშინია. ან რისი უნდა მეშინოდეს?იცით ეს რა გავს? აქაფებულ ტალღაში რომ შეხტები და არ იცი საით წაგიღებს და წაგაკოტრიალებს. თუმცა ნაპირზე აუცილებლად გამოგრიყავს. მკვდარს თუ ცოცხალს, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. და მე მზად ვარ. შევცურავ და ნაპირზე აუცილებლად ცოცხალი დავბრუნდები.

Friday, June 6, 2014

მან შექმნა მარადისობა

დავინახე კაცი. შუადღის ხვატში. ქუჩაზე, სადაც ყველა სხვა სამყაროში მიქროდა, ალაგ-ალაგ მუსიკის ჰანგები იფანტებოდა. სადაც არ იგრძნობოდა ერთიანობა. აქ თვალებში ერთი ჩახედვით წუთით უცნობი ადმაიანის ცხოვრებაში შედიხარ და იქ ყველაზე ნამდვილს ხედავ. მას ხედავ.
მე დავინახე კაცი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე ლამაზად ეწეოდა სიგარეტს... 80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ეწეოდა ბიჭურად. მასში არ მომკვდარიყო ახალგაზრდობა! ეწეოდა ისე, როგორც არავინ ამქვეყნად. დაკლაკნილი ტუჩებით, დიდი სათვალით და პიჯაკით.  არა სხვა სამყაროში არამედ იქ, იმ მომენტში, იმ ადგილას. მან შექმნა მარადისობა.
თუ ქუჩაში ოდესმე დაკვირვებიხართ მათ, ვისაც ვერავინ ამჩნევს, მათ, ვინც გაზეთის ჯიხურს ათვალიერებს, გაჩერებასთან სხედან, გემრიელად ეწევიან, ისე როგორც არავინ ამქვეყნად. მაშინ დამიჯერებთ რომ მარადისობის შემოქმედი ვიხილე.

მე დავინახე ბიჭი. პატარა ბიჭი, მზით გარუჯული წვრილი წვივებით. 5-6 წლის. თავისუფალი. უკვე დიდი კაცი. რას აკეთებს იგი აქ , სადაც არავინ ამჩნევს, არავის აინტერესებს, თუ სად გაიქცევიან მისი გამხდარი ფეხები. ალბათ დის გამონაცვალი ნარინჯისფერი პატარა ზომის ფლოსტები აცია, მარტო თითებზე რომ აქვს წამოცმული. მეგობარს დაემშვიდობა და მისი წვივები გაზეთების ჯიხურს მიღმა გაუჩინარდა. გაიქცა უსასრულობაში. იქ სადაც არ არის სკოლა, მშობელი, იქ სადაც პატარა ბიჭები დიდი კაცებივით ცხოვრობენ... 

Monday, May 19, 2014

არის თუ არა ,,პადზემკის“ ბოლოს სინათლე?

რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრის ბოლო წელს ითვლი, ხვალ სამახურში ხარ წაასვლელი, რაღაც სულელური საქმე გაქვს დასამთავრებელი თავისუფალ დღეს,  თუ უბრალოდ ერთი ადამიანი ხარ, ვინც ახალგაღვიძებული ფიქრობს... ფიქრობ დღეს რას გააკეთებ, რა განიცდი, ზოგადად დღესაც ხომ განცდებს აფუძნებ და ისე წარმართავ მას. ფიქრობ მომავალზე. ეს უკანაკნელი ჩვენს რეალობაში (მხოლოდ საქართველოს არ ვიგულისხმებ) ბუნდოვნად ჟღერს და არც ისე იმედიანად გვესახება. თუმცა ...
თუმცა, არ გვეფიქრება იმაზე თუ რა ხდება ირგვლივ. არ გვეფიქრება იმაზე, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არ გვეფიქრება, იმაზე, რომ გაქცევა გამოსავალი არ არის. მომავალზე ფიქრი უფრო მარტივია, იმაზე რაც ჯერ კიდევ არ დამდგარა, რასაც ამწუთას ფანტაზიით ქმნი და როცა სულ არის ,,ხვალ“. ,,ხვალ“ ხომ მომავალია, ხვალის ხვალაც მომავალი იქნება და საბოლოოდ არასოდეს დგება ,,დღეს“, რომელიც გეტყვის: ჰეი, ჰეიი მე ის მომავალი ვარ. მე თუ მკითხავთ, მომავალი დგება ჩვენს წინაშე ყოველ დღე, უბრალოდ სახელს არ ვარქმევთ. იმას ვამბობდი, რომ დღეს, ახლა, და  (უმრავლესობისათვის არასასიამოვნო),,დღეისა“ და ,,ახლას“ შეცვლა თავში არავის მოსდის.
გუშინ ქუჩაში მივსეინრობდით ორი სტუდენტი, ვსაუბრობდით ამოყრილ ფილებზე,- რომ არავინ აქცევს მათ ყურადღებას. საუბარი იქამდე მივიდა, დავაფიქსირე, რომ   ,,დღესზე“ ყველას ხელი აქვს ჩაქნეული, მათ შორის ჩემს თანამგზავრსაც. ყველა აქცენტს ,,ხვალზე“ აკეთებს. იმაზეც ვიფიქრე, ეს ხომ ადამიანის თვისებაა,- გადადოს ხვალითვის ის, რისი გაკეთებაც ახლა შეუძლია. თუმცა, ბევრმა მაგალითმა დამიმტკიცა, რომ აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.
ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩემს რიგს ველოდებოდი. იქ მუდმივად მდებარე მოწყალების მთხოვნელმა შემოგვიხედა და  ,,მექსეროქსე“ ქალს ამბავი გამოჰკითხა, სკამიც აიღო,- თურმე ამასთან რომ ინახავდა. ის არ გამკვირვებია, რომ ამ პატარა მიწისქვეშა სოციუმში ერთმანეთთან ასე მჭიდრო კავშირი აქვთ განურჩევლად კანის ფერისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა. დიდი ხანია გამიქრა ილუზია, რომ მოწყალების მთხოვნელი ვიღაც გაუბედურებული ადამიანია, რომელიც თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობს. ბევრი მათგანი ვიხილე ძვირფასი ტელეფონებით, ფუფუნების საგნებით და ა.შ. ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედე.  თუმცა ეხლა ამაში არაა საქმე. ახლა იმასაც ვფიქრობ, რომ სულაც არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან, შეიძლება სხვა წრიდან, მაგრამ არა სხვა პლანეტიდან. ისინი ჩვენი რეალობაა. სხვა რამის თქმა მინდა.. იმ დროს როცა მე სკამის აღებ -მიცემობის აქტს ვუყურებდი, გარეთ ამ მოწყალების მთხოვნელის თანაშემწე გოგონა ვერ აჩუმებდა ატირებულ ბავშვს. გამეტებით ჩრიდა პირში საწოვარას და ანჯღრევდა. გამვლელები აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, ალბათ ვერც კი ამჩნევდნენ (ძნელი იყო ვერ შეგემჩნია-გაგეგონა) ან ამჩნევდნენ, მაგრამ იმდენად ბუნებრივია ეს ყველაფერი დღეს რომ... რა სალაპარაკოა უკვე. ჩემი აზრით, მიზეზი მარტო ის არ, არის რომ ეს ყოველდღიურობა გახდა: ხედავდე ჩვილ უმწეო ბავშვს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, სრულ ანტისანიტარიაში, ადამიანის ხელში, რომელიც ამ ბავშვს თავისი მიზნებისთვის იყენებს. საზოგადოებაში არავინ ფიქრობს, რომ ამ ადმაიანების ბედის შეცვლა შეიძლება. ამ სურათს რომ ვუყურებდი, გამიელვა ფიქრმა: 1. ხომ არსებობს სამინისტრო, რომელიც არეგულირებს სოციალურ დაცვას. ნუთუ იქ მომუშავე არცერთი პირი არ დადის ფეხით, ერთხელაც არ გამოჩენილა აქ (ვაკეში, ,,გუდვილთან“), არ ხედავს ქუჩაში დაყრილ ბავშვებს. ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისინი ყველგან არიან  და 2: როგორ ფიქრობენ, მარტო ხელფასის მიღებაა საქმე? მათ არ აკისრიათ ვალი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე??  საკვირველია იყო ადამიანი, რომელიც იღებს უშუალო მონაწილეობას ქვეყნის ბედის განსაზღვრასთან და არ აკეთებდე ყველაზე აუცილებელს: არ იღებდე მონაწილეობას საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ფორმირებაში. 2.ვფიქრობ, ხალხი, რომელიც ხედავს ფაქტს: როგორ ,,ამოწერა“ შესაბამისმა ორგანოებმა სოციალურად დაუცველები მომსახურების სიიდან და  საზოგადოებამ ავტომატურად გააქრო ისინი საკუთარი რეალობიდან. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, ეს ხომ ისედაც ვიცით და ისიც ვიცით, რომ არაფერი გამოვაო. აი, ეს ბოლო ფრაზაა ზუსტად იმის მაჩვენებლი, რომ არავინ იცის, რა ძალა აქვს საზოგადოებას, არ იაზრებს რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ცალკეული ადამიანების ბედის გადაწყვეტა, მათი გადარჩენა. ,,პარტიზანმა მებაღეებმა“ ვერ შეძლეს ვაკის პარკში ხეების დაცვა? საყდრისი, ყაჩაღიანი? ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მთავარია დავფიქრდეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ, გავიაზროთ რომ ისიც ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და ,, მაცალე, ჩემი გამჭირვებია“ს პოზიციიდან არ გავექცეთ ამ თემას.
რეპლიკა #2: ,, აქ რა გამაჩერებს, მალე წავიდე ჯობია.“ ეს კონკრეტული ფრაზა არის კიდევ ერთი დასტური, თუ როგორი მონდომებით ვცდილობთ გავექცეთ ჩვენს რეალობას და პასუხისმსგებლობებს საზოგადოების წინაშე. თითქოს ,,იქ“ არ დაგვხდებიან იქაური მოწყალების მთხოვნელები. თუმცა ისინი ხომ ,,იქაურები“ არიან, თან შენი თავისთვის ვერ მიგიხედავს, ეხლა ეგენიღა გაკლია; თან შენ რომ იმ სოციუმის წევრი არ ხარ და ჰაერში გამოკიდებული ვინმე ხარ, რომელსაც არ გაკისრია ვალდებულებები. თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენი ,,ჩვენ“ არსად არ მიდის. სადღაც გაქცევის შემდეგ, ის ჩვენთან ერთად რჩება. კითხვის დასმა, თუ რატომ გვაშინებს პრობლემის წინშე დადგომა თავიდანვე უაზროა. ეს პრობლემაც არაა, უფრო სურვილი და საქმის გაკეთებაა, იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, გავაჯანსაღოთ ჩვენივე საზოგადოება. პასუხი ერთია: იმიტომ, რომ დიდი ხანია თითქოს რაღაცეებმა და ვიღაცეებმა დაგვიმტკიცეს, რომ ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს, დავმარცხდებით. პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად მივიჩნევთ ვთქვათ: ,,ჩვენ რა მოსატანი ვართ, იქ სხვა დონეა, ეჰ იქამდე როდის მივალთ“ (ვერც მიხვალ, ხელს თუ არ გაანძრევ). რაღაც ჩარჩოებს ვეძებთ, რაღაცეების რეგულირებებს ვახდენთ (თითქოს საზოგადოებს აკდლეს ჩარჩოები) , ვეძებთ ,,მას“ ვინც მოვა და მოგვიგვარებს (როდის უნდა დამთავრდეს ეს მესიანიზმი, ანუ სიზარმაცე) და ა.შ. საკმარისია გამოვიჩინოთ ინტერესი, მოვძებნოთ გზები, გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საქმეა. ერთხელ მაინც მოვეშვათ ,,ჯიპებზე“ ფიქრს. ყველა ვხვდებით იმას, რომ მთალდ სახარბილეო პირობებში არ ვცხვრობთ და ერთი ,,ჯიპი“ დღეს ყველას სჭირდება... ყოველთვის მოგვინდება იმაზე მეტი, ვიდრე გვაქვს, ყოველთვის გამოჩნდება თავის ასარიდებელი მიზეზი...შექმნილი მდგომარეობა არ გულისხმობს ადამიანობის დაკარგვას. საკმარისია ხელის გაწვდენა, ფხიზლად გაანალიზება იმისი რაც გვჭირს და რაც გვიჭირს. თუ ყოველი ჩვენგანი თავი საქმეს პატიოსნად გააკეთებს, დღის ბოლოს  უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, იმაზე უფრო მეტს ვიდრე ჯიპში ჯდომაა და ხელგამოწვდილი ადმაიანის დანახვაზე შიგ ჩაყუნჭვა... თქვენ უკეთ იცით რატომაც.

გასაგებია, რომ  ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. უფრო სერიოზული რამეებიც გვაქვს საფიქრელად: მსოფლიო წინ მიდის, იგონებს სხვადასხვა ტიპის იარაღს, ვინდოუსის ახალ ვესიას, გაუმჯობესებულ აიპადს, ახლა ,,რენჯის“ ახალი მოდელიც გამოვა... მსოფლიოს ადამიანები გამორჩა.

Sunday, May 18, 2014

თავისუფლების კუნძული

,,ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება...  იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ

განათლების რეალიზება ჩვენს ქვეყანაში

შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? - ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.

ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ- სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე მაგისტრატურას ამთავრებდა და დოქტორანტურაზეც ფიქრობდა; თუმცა, როგორც ამბობდა, სამუშაო ვერ იშოვა.ამ გოგონას მაგივრად მე გამიჩნდა კითხვა, რატომ ვსწავლობთ (ან სწავლობს) ამდენს, თუ ვერ შევძლებთ რეალიზებას? ეს ნაწილობრივქართველების სენია“: ყველას სურს, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არც კი ფიქრობს მის რეალიზებაზე. თუმცა არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა: საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ მათთან უმაღლესი განათლების პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტი დასაქმდება, თუმცა დაპირება რეალობას არ შეესაბამება. ეს გარკვეულწილად სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის, რესურსების არქონის, სამუშაო ადგილების სიმწირის ბრალიცაა. რა ქნას ამ დროს უნივერსიტეტმა? უმაღლესი სასწავლებელი ემსგავსება ქარხანას, რომელიც უშვებს ძვირფას, მაგრამ უფუნქციო პროდუქციას...
მოკლედ, წლების შემდეგ ქვეყანა იღებს უმაღლეს განათლებულთა არმიას, რომელთა დასაქმებას ვერ ახერხებს ვერც სახელმწიფო და თავისთავად ვერც კერძო სტრუქტურები. იქმნება ორდიპლომიანი ტაქსისტებისა და მოლარე-ოპერატორების ჯარი.
არის ერთი ნიუანსი: თითქმის ყველა დამსაქმებელი ითხოვს მაგისტრის ხარისხს და როგორც სტუდენტები ირწმუნებიან, ბაკალავრის დიპლომიარაფერია“. ეს ფაქტი საფიქრალში მაგდებს, - რას ნიშნავსარაფერია?“ იქნებ არ მსურს, ან არ მაქვს საშუალება, რომ სწავლა გავაგრძელო. რა გამოდის, ტყუილად ვსწავლობ ბაკალავრზე? თუ დავიჯერო, საქართველოში ყველგან ისეთი ვაკანსიებია, რომ მხოლოდ მაგისტრი თუ გაართმევს თავს დაუბრალობაკალავრი უნდა მოისროლონ? პირადად მე ლოგიკას ვერა, მაგრამ ამპარტავნობას ვამჩნევ, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის.



  


გამოქვეყნებულია გაზეთ ,,ბათუმელებში“ , ასევე ,,ბათუმელები“-ს ვებ გვერდზე

 2012.05.30