ძებნა

Sunday, May 18, 2014

თავისუფლების კუნძული

,,ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება...  იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ
. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად, სურს, რომ წაგართვას. შეუგნებლად ებრძვის შენს პიროვნებას და იცი, ერთხელაც, მწარედ, მწარედ გაგიკვირდება, რომ ის, ვინც გზრდიდა, გაჭმევდა, გბანდა, გივლიდა, გაცმევდა, ვერასოდეს ხვდება, რა დარდი გჭამს, რა სატკივარი.“
ეს ვაჟიშვილის აზრებია ნაირა გელაშვილის წიგნიდან ,,დედის ოთახი“. პირადად მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი. მიზეზი, რატომაც ჩამიძვრა ის სულის ხვეულებში და ზღვის იდუმალ ფსკერზე მაგრძნობინა თავი, დამაფიქრა საკუთარ სივრცეზე, არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ. პირადი სივრცის შექმნას ასე თუ ისე ყველა ადამიანი ახერხებს, თუმცა, ცხოვრებისეული ვნებათაღელვების გამო უამრავ ცვლილებას განვიცდით და შეიძლება გაგვიჭირდეს მისი შენარჩუნება.
მე ცალკეული ადამიანების კი არა, მშობლების ,,თავისუფლების კუნძულზე“ მინდა საუბარი. ,,დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა“ - გვანამუსებს ვაჟა. ჩვენ, შვილებს, მარტივად გამოგვდის საკუთარი სივრცის გამოყოფა, ჩვენს ცხოვრებასა და მშობლების ცხოვრებას შორის გამყოფი ხაზის გავლება. დავფიქრებულვართ  ოდესმე, რომ მშობელსაც შეიძლება ჰქონდეს პირადი სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან, აზრებთან, მისწრაფებებთან, უბრალოდ თავის ცხოვრებასთან პირისპირ დარჩენას? მარტო, ჩვენს გარეშე...
საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ოჯახის წევრების პირადი ცხოვრება ხშირად ერთმანეთშია გადახლართული; შვილებს ძალზე ბუნებრივად მიაჩნიათ მშობლების ზრუნვა, ვალდებულადაც თვლიან მშობლებს, რომ სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში მუდმივად ეხმარებოდნენ.
არასოდეს გაგჩენიათ გრძნობა თითქოს ზღვაში იძირები, უამრავ გრძელ და გადახლართულ წყალმცენარეს ედები, როცა მშობლების,- დედის ან მამის ნივთებს, ოთახს ხედავ? იდუმალს, ჩვენთვის ამოუხსნელს და უცხოს. ამ პატარა დეტალებში თითქოს თავისუფლების კუნძულია დაუცველად განფენილი, რომელსაც მშობლებს ვართმევთ ხოლმე შვილები ჩვენი თავკერძობით. ისინი კი დაუნანებლად გვითმობენ... პატარა კუნძული, სადაც მშობლები ჩვენს გარეშე რჩებიან სხვაგვარ სიმშვიდეში... ამაზე როცა დავფიქრდი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი და შემებრალა ჩემი მშობელი... დავფიქრდი იმაზე, რომ შვილებმა მშობლებს გარკვეული დოზით თავისუფლების უფლება უნდა მივცეთ, რათა სანაცვლოდ მივიღოთ თავისუფლების ისეთივე (ან ცოტა მეტი) ულუფა. მათი ცხოვრება ხომ ბოლომდე ჩვენსაშია ისე ჩაქსოვილი, რომ გამოცალკევება შეუძლებელი თუ არა, ძალზე ძნელია.

განსაზღვრავს თუ არა ოჯახის ტიპი (ლიბერალური, ინდიფერენტული, ავტორიტეტული და ავტორიტარული) ,,თავისუფლების კუნძულის“ ქონა–არქონას? მგონია, რომ არცერთი მათგანი, თავისთავად არ გულისხმობს ,,თავისუფლების კუნძულის“ არსებობა–არარსებობას. კუნძული მხოლოდ მაშინ არსებობს, როცა არსებობს ადგილი შვილებისთვის და კიდევ პატარა თავშესაფარი მშობლის „მე“-სთვის, სადაც მას შეუძლია მარტოობაც, განტვირთვაც. რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს შვილებზე უარის თქმას, პირიქით, ამ კუნძულის წყალობით მშობლებისა და შვილების ურთიერთობები კიდევ უფრო სისხლსავსე და მრავალფეროვანი უნდა გახდეს..
კიდევ ერთი კითხვა არ მასვენებს: იქნებ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული ჰქონდეს თუ არა პირადი სივრცე და საკუთარი კუნძული? იქნებ ამ კითხვაზე პასუხის სირთულე მშობლისა და შვილის უპირობო სიყვარულში უნდა ვეძებოთ: შვილის გაჩენის დღიდან მშობელი ჩართულია მის მოვლა-პატრონობაში, ყოველდღიურ საქმიანობაში, მისთვის სასიცოცხლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. შვილები იზრდებიან, მშობლები ასაკში შედიან, ეს კავშირი კი უწყვეტია. ალბათ, ამ პირობებში რთულია თავისუფლების კუნძულის „კვება“, რათა ის საბოლოოდ არ გაქრეს ნისლივით. როგორ შეიძლება შეინარჩუნო საკუთარი კუნძული, როცა შვილის ცხოვრებაში მუდამ ახალი ეპოქების მონაცვლეობაა.

გამოქვეყნებულია ,,ბათუმელები“-ს ვებ გვერდზე   (იძებნება როგორც ელისაბედ დუაძე)

2013.12.16

No comments:

Post a Comment