ძებნა

Friday, June 6, 2014

მან შექმნა მარადისობა

დავინახე კაცი. შუადღის ხვატში. ქუჩაზე, სადაც ყველა სხვა სამყაროში მიქროდა, ალაგ-ალაგ მუსიკის ჰანგები იფანტებოდა. სადაც არ იგრძნობოდა ერთიანობა. აქ თვალებში ერთი ჩახედვით წუთით უცნობი ადმაიანის ცხოვრებაში შედიხარ და იქ ყველაზე ნამდვილს ხედავ. მას ხედავ.
მე დავინახე კაცი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე ლამაზად ეწეოდა სიგარეტს... 80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ეწეოდა ბიჭურად. მასში არ მომკვდარიყო ახალგაზრდობა! ეწეოდა ისე, როგორც არავინ ამქვეყნად. დაკლაკნილი ტუჩებით, დიდი სათვალით და პიჯაკით.  არა სხვა სამყაროში არამედ იქ, იმ მომენტში, იმ ადგილას. მან შექმნა მარადისობა.
თუ ქუჩაში ოდესმე დაკვირვებიხართ მათ, ვისაც ვერავინ ამჩნევს, მათ, ვინც გაზეთის ჯიხურს ათვალიერებს, გაჩერებასთან სხედან, გემრიელად ეწევიან, ისე როგორც არავინ ამქვეყნად. მაშინ დამიჯერებთ რომ მარადისობის შემოქმედი ვიხილე.

მე დავინახე ბიჭი. პატარა ბიჭი, მზით გარუჯული წვრილი წვივებით. 5-6 წლის. თავისუფალი. უკვე დიდი კაცი. რას აკეთებს იგი აქ , სადაც არავინ ამჩნევს, არავის აინტერესებს, თუ სად გაიქცევიან მისი გამხდარი ფეხები. ალბათ დის გამონაცვალი ნარინჯისფერი პატარა ზომის ფლოსტები აცია, მარტო თითებზე რომ აქვს წამოცმული. მეგობარს დაემშვიდობა და მისი წვივები გაზეთების ჯიხურს მიღმა გაუჩინარდა. გაიქცა უსასრულობაში. იქ სადაც არ არის სკოლა, მშობელი, იქ სადაც პატარა ბიჭები დიდი კაცებივით ცხოვრობენ...