ძებნა

Sunday, November 9, 2014

,,მე ლონდონში ვსწავლობდი“

...დღეს მომხდარი ფაქტით დავიწყებ. დამღლელი და სრულიად მჯდომარე 2 კვირის შემდეგ (მანქანა-ოფისი, მანქანა-სახლი) უმოძრაობით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩებისთვის ფეხით შეგვეტია ( მე და დედა ). აქ არც ისე განებივრებულები ვართ გემოვნებიანი ტანისამოსის არჩევანით, ამიტომ, მაღაზიებში სიარული თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს; ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა და ამ შრომატევად საქმიანობას მივყეთ ხელი. ერთი, ორი, სამი  და.. ერთ ერთ მაღაზიაში, რომლის ,,მმართველი“  შუახნის ,,შუახნურად“ ჩაცმული ქალბატონი ბრძანდებოდა (სხვაგვარად მისი აღწერა უბრალოდ შეუძლებელია), ზოლიანი შარვლით ინსპირირებულმა ისე, სხვათაშორის ვიკითხე: ეს ვინტაჟის მაღაზია ხომ არ არის მეთქი?... და აქ დაიწყო, რაც დაიწყო:... თავისი წარმომავლობითა და საფრანგეთში განვლილი ცხოვრებით ჩემი შეურაცხყოფა: ის, რომ საბურთალოზე ცხოვრობს და ეს უმაღლესი ხარისხის ტანისამოსია და რომ ვინტაჟი,  სადაც ვცხოვრობ, იქ მისწავლია (კონკრეტულად ამ სიტყვას ერჩოდა) , რომ არც კი გაუგია ეგ რა არის, ლონდონში, თუ, ბრიტანეთში, თუ საიდანაც ვარ მოთრეული და იქ რას ამბობენ, არ იცის, არც აინტერესებს... ისევ მეორე წრეზე: რომ საბურთალოზე ცხოვრობს და 4 წელი კი საფრანგეთში უცხოვრია და.. მოკლედ ვინტაჟი თქვენსკენ მოიკითხეთო. მე მივხვდი, რომ ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა: რომ ვინტაჟი ცუდი სიტყვა არ არის და საერთოდაც ეს უფრო კარგს ნიშნავს ვიდრე ცუდს... მოკლედ, გაოცებული და ცოტა შეცბუნებულ-გაბრაზებული გამოვედი მაღაზიიდან.
საერთოდ, გაბრაზებული რომ ხარ, თვალში რატომღაც სულ ცუდი მოვლენები გხვდება და ყურშიც ასევე ,,ჩემიდედები“ ისმის ირგვლივმყოფთაგან.  მივიხედ-მოვიხედე ქუჩაში და დავინახე იქვე, ,,ფეიბოქსთან“ საკუთარი ზინზლიანი ნარჩენები როგორ მიყარა ქალბატონმა, მძღოლები ჯიუტად რომ არ უთმობდნენ გზას არც ფეხით მოსიარულეს, არც ერთმანეთს, მამა ასეირნებს შვილს და თან ტელეფონზე იგინება და რაც ყველაზე მთავარია: ,, არა გოგო აქ რა უნდა, ეგ დიდიხანია (რომელიღაც ევროპულ ქალაქში) ცხოვრობს“- ამაყად აცხადებს ქალბატონი.
და გამახსენდა.... გამახსენდა, რომ შუახნის მაღაზიის მფლობელს ჩემთთვის შეურაცხყოფის მოყენება თავისი წარომავლობით სურდა, რომ მე წესით უნდა შემრცხვეს იმისი, რომ ბათუმელი ვარ, რომ  მას ჰგონია მაგრად ,,მიმალანძღა“, რაკი საბურთალო და საფრანგეთი მიხსენა, ასევე გამახენდა, რომ ეს თემა გახუნდა, მაგრამ ყოველ აღდგომაზე და ყველა ფეხის ნაბიჯზე მაინც თავს გვახსენებს და არც არაფერი შველის. გამახსენდა და გული დამწყდა. ქუჩაში ნაგვის დაყრის პრობლემაც ამ ბედს იზიარებს.
მსგავსი მონოლოგი ხშირად მომისმენია. საამაყო რომ არის წარმომავლობა, ამას კიდევ არაუშავს, ეს  შეურაცხყოფის მიყენების მასალა გახდა. შეურაცხყოფას რომ თავი დავანებოთ, საიდან ამხელა სიძულვილი? ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი. ქუჩაში რომ დადიხარ გხვდება ბოღმით დატენილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან იმითაც კი მოგაყენონ შეურაცხყოფა ან დაგაკნინონ, თუ რა ფირმის კაფელი აქვს აკრული აბაზანაში.
მინდა ამ პრობლემას სხვა კუთხიდან შევხედო. საცხოვრებელი ადგილით თავის გამოჩენა არაა უცხო მთელი მსოფლიოსთვის, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ეს პრესტიჟული ადგილმდებარეობით, უკეთესი ხედით ან რაიმე მსგავსით არაა გამოწვეული. ჩვენ განვითარების ერთ ადგილას აკუმულირების პრობლემა გვაქვს.
საქართველო პატარა ქვეყანაა, ღამის მატარებელიც (თბილისი-მახინჯაური და პირიქით) კი გააუქმეს იმ მიზეზით, რომ მანძილი დიდი არ არის და საჭრიოებას არ აწარმოადგენს. ასე, რომ არამგონია  სირთულეს წარმოადგენდეს სიახლეების სხვადასხვა რეგიონშიც დანერგვა, გარდა თბილისისა. გასაგებია რომ თბილისი დედაქალაქია, გასაგებია რომ ჯერ ყველა სიახლეს იქ უსინჯავენ გემოს, მაგრამ სიახლე ადგილს აღარ იცვლის. ის რჩება დედაქალაქში. შესაბამისად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ირაზმება ხალხი და ავსებს დედაქალაქის სარდაფებსაც კი, რომ როგორმე მსოფლიოს პულსის ფეთქვა იგრძნოს.  ეს უდაბნოში ოაზისის არსებობას ჰგავს, რაც ჩემი აზრით არც ისე კარგი ფაქტია. ბათუმში ვინც ვცხოვრობთ, ცოტა გაგვიმართლა სხვა ქალაქებთან შედარებით. იგივე ტანსაცმელი რომ ავიღოთ, სხვადასხვა დაწესებულება, მაკდონალდსი რომ მაკდონალდსია, ისიც 2 თუ 3 წელია რაც გაიხსნა ბათუმში, ზესტაფონში საერთოდ თუ არსებობს, არ ვიცი, ღონისძიებები მხოლოდ ახალწელზე ტარდება რეგიონებში, ყველა არასაახალწლო კონცერტი, საღამო, ღონისძიება იმართება თბილისში. ვინმე მაინც რომ იყოს დაინტერესებული რეგიონალური განვითარებით, არც თბილისი აივსება ,,მილიონი“ მანქანით, არც ტუბერკულიოზი გაუჩნდება ხალხს ნაქირავებ სარდაფებში, არც საბურთალოზე ცხოვრება იქნება შეურაცხყოფის მიყენების ინსტრუმენტი. ხვადასხვა ღონისძიებების მაძიებელნი ჩვენი ქვეყნის ქალაქებში დავიწყებთ სიარულს და გავეცნობით მათ, ახალგაზრდობა დარჩება რეგიონებში და ეს ფაქტი ქვეყანას ბევრ  სიკეთეს მოუტანს.

P.S. მადლობა იმ ქალბატონს, რომ ჩემი მუზა გახდა.

No comments:

Post a Comment