ძებნა

Sunday, November 15, 2015

99 ფრანკი

ქუჩაში გამოვედი წითელი შარვლით და უეცრად შეყვარებულ-ამოჩემებული ,,ბათინკებით“. უკვე შემოდგომაა. მიყვარს შემოდგომა. აღფრთოვანებული ვარ ფოთლების თოვლით. ერთხელ ქუჩის კუთხეში მდგომი ხის ქვეშ დავდექი, რომ ფოთლები თავზე დამცვენოდა. ჩუმად. ვითომ შემთხვევით. მოკლედ შემოდგომაა. მზიანი დღე იდგა. ციოდა და დიდ მანძილს ფეხით ვერ გავივლიდი. ამიტომ სამარშუტო ტაქსიში მოვთავსდი, სპეციალურად ფანჯარასთან და მიხაროდა,- სითბოდან ვადევნებ ამ სილამაზეებს თვალს თქო და ... სუში!!! პირდაპირ ჩემს თვალწინ, წინა სავარძლის ზედა ნაწილზე დამაგრებული სუშის და საჩუქრად კოკა-კოლას რეკლამა გადაიშალა. თვალი მეზობელი სავარძლისკენ გავაპარე და იქაც სუში!
აქამდე რეკლამის ამ ნაირსახეობას არ ვიცნობდი. თავი შებოჭილად ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მაძალებდა, რომ გაუჩერებლად მეკითხა ფურცელზე დატანილი ტექსტი. ასეც იყო.
აჭრელებული თვალები ფანჯარას მივაპყარი (ვინაიდან 0.5 ლიტრი უფასო კოკა-კოლით არ მოვიხიბლე) და ჰოი საოცრებავ! აქ უკვე აპრობირებული ბადე სტიკერი დამხვდა. თვალები უფრო ამტკივდა, ხედით ტკბობის სურვილიც გამიფუჭდა და დავუბრუნდი სამარშუტო ტაქსის სალონს. სავარძლებში მოკუნტული მგზავრები შევათვალიერე. რა უსუსრები ვართ ! გამიელვა. რეკლამისთვის და ზომბირებისთვის განკუთვნილი აუდიტორია. სადაც არ უნდა მიმეხედა სარეკლამო ბილბორდები, მორბენალი სტრიქონები, მოლაპარაკე ადამიანები, ეკრანები....!!!  ყველა მარწმუნებდა რომ სესხი კარგია:, ჰოპ და არაფერი; რომ ცხოვრება მშვენიერია მხოლოდ და მხოლოდ რეკლამირებული ბრენდის ტანსაცმელში, რომ ალუმინი რომელსაც N ფირმის დეოდორანტი შეიცავს ,,ბიო’’ იყო და ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს არაფერს ვნებდა... მოკლედ მაცდურად შეფუთული ბევრი ტყუილ-მართალი.
ჩვენი ცხოვრება იმდენად დატვირთულია საქმით, საფიქრალით, სადარდებელით, რომ ვერც კი ვიგებთ, რომ რეკლამა ძალადობის ერთ-ერთ სახეობად იქცა. არ გიფიქრიათ, რამდენად ხშირად ირღვევა ჩვენი პირადი სივრცე, ვრცელდება კონფიდენციალური ინფორმაცია. ხომ ყველას მოგვდის ასობით მესიჯი მობილურ ტელეფონზე (თანაც მაშინ, როცა მნიშვნელოვან მესიჯს ელოდები). თითქოს არაფერი, მაგრამ ეს გვაიძულებს იმედგაცრუება და მარტოობა ვიგრძნოთ, ან თუნდაც თავი რაღაც საშუალებად მივიჩნიოთ. ცხელ გულზე ისიც გამახსენდა, საჭესთან როგორ შემაშინა რადიოში გაშვებულმა რეკლამამ.  მშვიდად, წყნარად მივემართებოდი ა პუნქტიდან ბ პუნქტისკენ, ვუსმენდი განწყობის შესაფერის მუსიკას რადიოში. მოვდუნდი, დადებითი ემოციებით აი ავივსე, კარგი მოგონებები მოცურდნენ. დამთავრდა მუსიკა ვიღიმები და  საჭე კონაღამ ხელიდან გამივარდა ისეთი ხმაურიანი რეკლამა შემოვარდა ჩემს სივრცეში. მუსიკაზე რამოდენიმე ტონით უფრო მაღალი. რა დადებითიც ვაგროვე, იმ წუთშივე გაქრა. მას შემდეგ სიმღერა დამთავრდება თუ არა ეგრევე ხმას ვუწევ,-  გამოცდილი ვარ.

ხელში შემოჩეჩებული და 2 მეტრში ნაგავში ჩაყრილი ლიფლეტები, რიგები მაკდონალდსში, ვენდიში, დანკინ დონატსში. ვიცით რომ არაჯანსაღია, ვიცით რომ გვაზიანებს, მერამდენედ დავიფიცეთ, აღარ შევალთო. იმისთვის, რომ გავექცეთ გარემოს სმარტფონებში , სავარძლებში ვძვებით, მაგრამ ყველაფერი უკვე სავსეა მაცდური წინადადებებით. ბადე სტიკერიც თვალებს გვიჭრელებს. თუმცა არაფერს ვამბობთ.  ჩვენ საცდელი კურდღლები ვართ. რეკლამა მუშაობს!

Saturday, May 23, 2015

ასე ხდებიან ჩემპიონები

აქა ამბავი ქართველი სპორტსმენისა, რომელმაც გადაიარა მთა და ბარი, გადალახა ბევრი მდინარე და ზღვა იმისთვის, რომ მიზანში მოეხვედრებინა ისარი.

შემდეგ ისევ გადის იგივე მანძილს და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას: სკოლა, ვარჯიში, სამეცადინო, მეგობრები,  სკოლის მასწავლებელი, რომელიც ,,სასარგებლო“ რჩევებს იძლევა (,,მშვილდოსნობა რა სპორტია, თავი დაანებეო, ,,ურჩია“ მეგობრულად),  

.... და ასე წრიულად.

ერთდაერთია საქართველოში. მოლაპარაკე ყუთში  რომ ახსენებენ (და ასე ხშირად ხდება), გული სიხარულით მიხტის და ვიღიმები და ვიღიმები.
იქ ავსტრიაში, ჩინეთში, სლოვენიაში, თურქეთში.... არავინ იცის, საიდან მოვიდა გოგონა მშვილდისრით.

                                                                  ანა დუმბაძე

არის პატარა დაბა დიდი რაგბის მოედნით. ამ მოედანზე არც ბალახია გაკრეჭილი, არც მოედანია დახაზული, არც გასახდელებია და არც საშხაპეები.  მოსახლეობა ზაფხულობით სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად აქ გამოდის. ზოგი საქონელსაც აძოვებს. ძირითადად რაგბისტები, ფეხბურთელები და მშვილდოსნები ვარჯიშობენ.  ისინი არ ცხოვრობენ სპორცმენების ცხოვრებით, რომლებიც კინოებში გვინახავს: გაწერილი გრაფიკით, სპეციალური საკვებით, კარგ პირობებში... პატარა ბიჭები და გოგოები არიან, ვარჯიშის დროს რომ ერთმანეთს დასცინიან და მხიარულობენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ პედესტალზე ასვლა და ოქროს მედლის შეგრძნება მკერდზე.  გაგიკვირდებათ და ამ გოგოს ასეთი ბევრი აქვს სახლში. დღემდე მგონია რომ ვერც კი იაზრებს, ისე ადის და ჩამოდის პედესტალიდან. ისე ჩამოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან სხვადასხვა მეტალის მედლები, ვითომც არაფერი.

ეუბნებიან უნდა წახვიდე ,,იქ“. ჩაალაგებს ჩანთას და სრულიად მარტო მიემგზავრება. სულ მინდა თავში ჩავუძვრე და ვნახო რა ხდება იქ, როცა თვითმფრინავში ჯდება, ან უფრიალებს თუ არა გული შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე, ძინავს თუ არა ღამით საერთოდ.
სულ ახლახან გადასერა ჰაერი და მიწა (რატომღაც მშვილდოსნობის ფედერაციამ ხელმომჭირნეობა გამოიჩინა და საქართველოდან მივლენილ ერთადერთ სპორცმენს, რომელიც სხვა ქვეყნის 28 გუნდს შეეჯიბრა, უმრავი ტრანსპორტი გამოაცვლევინა, რომ ავსტრიამდე ჩასულიყო, სამიზნესთან) მოხვდა 20ეულში და თავის პატარა ჩემოდნით ბრუნდება უკან.

ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ,,ფეოლა“ J. აი, ანუკის რომ ვუყურებ, სულ ეგ ფილმი მახსენდება.  ის სისუფთავე, ენთუზიაზმი, ბევრი კომიკური სიტუაცია, მწვრთნელიც და გამარჯვება.
მინდა კიდევ ბევრჯერ გავიგო მისი სახელი და სიხარულისგან ვიხტუნო ადგილზე.
პატარა გოგო , მშვილდით ხელში, სრულიად მარტო დაიარება მსოფლიოს სხვადახვა წერტილში და უახლოვდება მიზანს.

P.S.  სხვათაშორის, ფილმი ,,ფეოლა“ ზემოაღნიშნულ მოედანზეა გადაღებული.

             


 საქართველოს ორგზის ჩემპიონი,
 რვა პირველობა,
 რვა მეორე ადგილი,
 ორი მესამე, 
2013 და 2014 წლების პერსპექტიული სპორტსმენი.

Thursday, February 19, 2015

ფეხსაცმელებში მიწაჩაყრილი სიარული ადვილია?

ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ჩემი მეგობრის უცხოელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში.  ლაპარაკი ჩამოვარდა საქართველოში გადმოსახლებაზე, იმაზე, რომ თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ შესაბამისი პირობები, არეულობაა... მოკლედ ურჩევნია აქ იცხოვროს და საერთოდაც, ადამიანმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც მოესურვება და სავიზო რეჟიმი არ უნდა არსებობდეს. ვუსმენდი ამ ადამიანს, რომელოიც ,,პროგრესულ“ აზრებს გვიზიარებდა და ვფიქრობდი,- და შენი სამშობლო? და საერთოდ სიტყვა ,,სამშობლო“ რა აზრს ატარებს?  რამდენად მართებულია წახვიდე ქვეყნიდან იმის გამო, რომ იქ შესაბამისი პირობები არ გაქვს, არ მოგწონს შენი საზოგადოება, სახლი  და ა.შ. ? წახვიდე იმიტომ, რომ არ მოგწონს მთავრობა, წყობა და ა.შ. წახვიდე ისე, უბრძოლველად, სურვილის გარეშე,- შეგეცვალა რამე....
შემდეგ გადმოვინაცვლე ჩვენს რეალობაში და პარადოქსებს წავაწყდი. აღმოჩნდა, რომ  უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყანა წალკოტია, აქ მორბის ყველა და თავისუფლებას აქ ჰპოვებს?! ჩვენი ტელევიზიები წელიწადში რამდენჯერმე,,გვახარებს“ ვიღაც გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, არაბი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელით, რომელიც გვიღიმის ქართული ღვინით სავსე ჭიქით ხელში, თავისი ვენახის, ან ფერმის ფონზე და ამბობს რომ ბედნიერია, აქ ყველა პირობა აქვს, რომ განვითარდეს და მშვიდად იცხოვროს. ქართველი ახალგაზრდობისთვის კი აქაურობა ჭაობია, საიდანაც უახლოესი სასწავლო პროგრამით ცდილობენ სამუდამოდ გაქცევას. ისე, უკან მოუხედავად,- აქ სული ეხუთებათ. მგონი თვალები და ყურები არ მატყუებს და მოვლენას სწორად თუ არა, ცოტათი მაინც ლოგიკურად დავარქვი სახელი: პარადოქსი.
მეც ვცხოვრობ ამ ქვეყენაში, მეც მაწუხებს უკულტურო საზოგადოება, ბიზნესად ქცეული სიღატაკე, დანაგვიანებული ქუჩები, გაჩეხილი ხეები და უიმედობის სიმძიმე, რომელიც უმრავლესობას გვაწევს ზურგზე. ვხედავ, რომ პესიმიზმის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ოპტიმიზმის. თუმცა მაინც არ მესმის, რატომ უნდა წავიდე. გავიქცე?
ვცდილობდი გამეხსენებინა უცხოეთში წასული ქართველების ბედი,- მიაღწიეს თუ არა მათ სულის სიმშვიდეს, მატერიალურ კეთილდღეობას. ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,- აქედან გაქცევის მიზეზი უმეტესწილად მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების მიზანია. შრომის სურვილი მისასალმებელია და არავითარ შემთხვევაში დასაძრახი. ვიფიქრე, ვიფიქრე და ერთეულები გამახსენდა ჩემს ირგვლივ, ვინც იქ ,,განვითარდა“-ჩვენეული გაგებით. რას გულისხმობს განვითარება? იმ საქმის კეთება, რაც მოგწონს და გიყვარს? შეგიძლიათ მითხრათ მთელი ცხოვრება რისი კეთება გინდათ? რაში გინდათ გახდეთ პროფესიონალი? ქართველი სტუდენტები რომ გამოვკითხოთ , უმრავლესობა იმ კითხავზე, თუ რა დარგში სურს გახდეს პროფესიონალი და თქვას თავისი სიტყვა, ვერ გაგცემთ პასუხს, ან გაგცემთ და მოგატყუებთ.  უცხოეთში სულის სიმშვიდისთვის წასული ხალხის უმრავლსეობა არ ეწევა იმ საქმიანობას, რისი სპეციალისტიცაა. სამსახურს პოულობს, მაგრამ არა იმას, რაც სურს....
რა გველოდება ჩვენ ,,იქ“? მოწესრიგებული საზოგადოება, სუფთა ქუჩები, შეგნებული ხალხი. ვერაფერს იტყვი, მშვენიერია. მაგრამ ეს ყველაფერი სხვისი ხელითა და ძალისხმევითაა აშენებული. ქვეყანა, სადაც მივდივართ, არის სხვისი,- ორ მსოფლიო ომგამოვლილი ქვეყნები. მათი საზოგადოების სისხლითა და ოფლით აშენებული შეგნება და სუფთა ქუჩები. როცა ამ ყველაფერს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ჩვენ უბრალოდ ეგოიზმი და სიზარმაცე გვიტევს. სიძნელეებთან შეჭიდება რთულია, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელს არც ეკონომიკური ფონი და არც შეგნება არ გიწყობს, მაგრამ უბრძოლველად დანებება არ ვიცი, რამდენად გამართლებულია. ნურავინ მეტყვის, რომ იბრძოლა, ვერაფერს მიაღწია და ახლა მიდის... სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლა ექვტიმე თაყაიშვილმა, რომ სამშობლოსთვის განძი და მემკვიდრეობა ჩამოეტანა, ის, რითაც ვამაყობთ,- ჩვენი წარსული შეენახა. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა ქაქუჩა ჩოლოყაშვილმა, რომ მიწა შეენარჩუნებინა ჩვენთვის. ჩემს წინაპრებს ცოცხლად გააძრეს ტყავი აჭარის მთებში, იმისთვის რომ სამშობლო წაერთმიათ... ნურავინ იტყვის, რომ იბრძოლა და შედეგს ვერ ხედავს.
რატომ გვტკივა ჩვენს სამაჩაბლო და აფხაზეთი? თუ ქვეყნიდან უკანმოუხედავად წასვლას ვაპირებთ... იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოს ნაწილია? რად მინდა სამაჩაბლო და აფხაზეთი, თუ ამ  ქვეყნის მომავალი და ბედი უკვე აღარაფერში მაინტერესებს? ქვეყანა, რომელიც ვერაფერს მაძლევს ღირებულს... დაე ამოვიდეს ანწლი ბაბუაჩემის საფლავზე, იქ, აჭარის მთებში, იმ მიწაზე, რომელიც შემინახა, მაინც არ მინდა ცხოვრება... რაღა საჭიროა ბიჭების დახოცვა ომში, ჩვენი ერთიანობის შესანარჩუნებლად, მიწის შესანარჩუნებლად... მილან კუნდერას ,, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“-ში ერთ- ერთ პერსონაჟი სწორედ ამ მოვლენას აკრიტიკებს. აკრიტიკებს ხალხს, ემიგრანტებს, რომლების გაიქცნენ უცოხეთში და ახლა იქიდან ცდილობენ თითქოს რამის გამოსწორებას, კომფორტულ სავარძლებში მოკალათებულები, პატრიოტიზმს ასწავლიან განადგურებულ ჩეხეში მცხოვრებთ. ადვილია გტკიოდეს შორიდან, იქედან, სადაც მთავარი ბრძოლის ცეცხლი არ შეგხებია. მარტივია თქვა: ,,საქართველო მაინც საქართველოა“,-და ხელი ჩაიქნიო. როგორ მეცოდება ჩემი სამშობლო ამ სიტყვებისთვის. ანუ შენ მაინც ის ხარ, ვინც ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ისეთივე საქართველო იქნები, როგორიც დატოვე.  ქვეყანა არ არსებობს თავისთავად, ქვეყანას ვქმნით ჩვენ. ქვეყანა არის მისი საზოგადოება, კულტურითა და ღირებულებებით. მაშინ ნუღარ იამაყებთ იმითი, რომ ჩაკრულო კოსმოსშია, ქართული ჩოხით, დიდგორით და ა.შ. საქართველო ხომ საქართველოა და დარჩება საქართველოდ. ამ ლოგიკით, ის ასეთივე ქვეყანა იყო, არის და იქნება, როგორიც ეხლა გვაქვს. შესაბამისად ის,რითიც ვამაყობთ, ამ დაბალი შეგნების ხალხის მიერ არის შექმნილი. თუ არ მეთანხმებით , იმისაც გეტყვით, რომ განვითარება და წინსვლა თავისთავად არ მოდის, მას შრომა სჭირდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ კონდიციას, რომელმაც ის დიდი კულტუარა შექმნა, რითიც ვამაყობთ. და თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სულ არ გაინტერესებთ და სულ კარგად ვიყოთ, თქვენ იტყუებით. და მაშინ იტყუებიან ის გაღიმებული უცხოელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში თუ იმუშავებ, არის ესაძლებლობა იმისა, რომ განვითარდე.
არ ვცდილობ ვინმეში პატრიოტული გრძნობები აღვძრა, ან ვინმეზე უკეთესი გამოვჩნდე. მე უბრალოდ პასუხები მინდა ამ კითხებზე, არგუმენტირებული პასუხები, თუ რატომ არის ,,პროგრესული“ საქართველოდან წასვლა, რა არის სულის ხუთვის მიზეზი, რატომ ნიშნავს ევროპული სუფთა ქუჩიდან გულის ტკივილი სამაჩაბლოზე,- პატრიოტიზმი, რატომ უნდა დავნებდე უბრძოლველად. ვფიქრობ, საზოგადოება, ჩვენ ყველა, ვერ ვიაზრებთ იმ ძალას რასაც ვფლობთ. მგონი დაგვავიწყდა იგავი, რომ ,, ძალა ერთობაში“, რომ საქართველო და ზოგადად ქვეყანა ვართ ჩვენ! არ არსებობს განყენებული , ცალკე ობიექტი ,,საქართველო“, ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილები ვართ. თუ ყველა ერთად გამოვიჩენთ კეთილ ნებას, გვექნება იდეა და სურვილი შევცვალოთ რამე: მოვუსმინოთ ერთამენთს, დავაფასოთ სხვისი აზრი, არ დავყაროთ ქუჩაში ნაგავი, არ მოვჭრათ ხე და ა.შ.  არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვფირობ, რომ ისინი, ვისაც წასვლა გადაუწყვეტია, თავს არ აღიქვამენ ქართული საზოგადოების ნაწილად. თითქოს საზოგადოება არსებობდეს განყენებულად, ქაოტურად მოძრავი ბუზების ჯგუფის მსგავსად და ისინი ცალკე. ვერ იაზრებენ, რომ იმ სუძულვილით, რომლითაც სულის ხუთვაა გამოწვეული,  იმ ბნელი საზოგადოების ნაწილი ხდებიან, ვისგანაც გაქცევა სურთ. შრომისა და დახმარების არ სურვილით ისინიც ბნელი ნაწილის მატარებლები არიან. ამ სიბნელეს კი ვერსად გაექცევი, -შენი წილი ,,ქართული საზოგადოება“ ყველგან გამოგყვება. არა მგონია, რომ შოტლანდიელმა, რომელიც დღეს ინგლისელად იწოდება, თავისი კილტით დააფასოს ადამიანი, რომელიც საკუთარი სამშობლოდან გამოიქცა. და ნურავინ მეტყვის რომ, დღეს ნაციონალიზმი ჩამორჩენილობად ითვლება. მაგალითად რომ ავიღოთ თურქეთი, რომლის მაგალითად წარმოდგენა არ გვაქვს წესად, ჩვენზე განვითარებული ქვეყანაა. არცერთი თურქი არ მოგცემს უფლებას, შეურაცხყო თავისი ქვეყანა, რელიგია, გააფუჭო რამე, დაარღვიო კანონი. ყველა სახლზე სახელმწიფო დროშაა გამოკიდებული.  ამ ადამიანებმა, ნულიდან ააშენეს თავიანთი დაქცეული ქვეყანა, იშრომეს და დღეს კარგ კონდიციამდე მივიდნენ. მათ უყვართ თავიანთი სამშობლო და დღესაც, როცა იქ მოვლენები ,,ცუდად“ ვითარდება, არავინ ცდილობს გაიქცეს ქვეყნიდან, სადაც ,,ვერ უგებენ“ ,,ებრძვიან“, დისკომფორტს უქმნიან. ისინი იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის.  საქართველოს გარდა ქართველები ყველგან ვიქნებით სტუმრები.
ხალხს რომ თავი დავანებოთ, მიწა-წყალს და წარსულს,- არის რაღაც ცხოველი, მოაზროვნე და გრძნობებით სავსე, რომლის აქ დატოვება მოგვიწევს, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი უძლურია,-ჩვენი მშობლები. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ უცხოეთში და იქიდან  მატერიალურად უზრუნველყოთ ეს ძვირფასი ადამიანები. ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვა ახლა მწვანე ფურცლებითაც შესაძლებელია. რატომ გვგონია ასე?  რატომ გადავიდა უკანა პლანზე გულითადი ურთიერთობები, სითბოს გაზიარება და ზრუნვა. რატომ გახდა ის ასე შაბლონური. ყველა დავბერდებით. სიბერეს კი ათასგვარი დაავადება მოსდევს. ზრუნვა თუ გაძღომით შემოიფარგლება, მაშინ ახლავე ჩავაბაროთ ჩვენი ახლობლები მოხუცთა თავშესაფარში, გადავიხადოთ ფული ყოველ თვე... მათი მიტოვება ზუსტად ამას გულისხმობს.
მაინტერესებს პასუხები ამ კითხვაზე. არ ვცდილობ ნამუსზე შევაგდო ვინმე, უკეთეს მოქალაქედ ან პატრიოტად გამოვჩნდე. გული მწყდება, როცა აქედან სამუდამოდ წასვლაზე სახეგაბადრული საუბრობს ადამიანი. მე მათში პესიმიზმს ვხედავ. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს მარტო ვრჩებოდე. ვფიქობ, ადამიანს არ გააჩნია ძალა,  გონებიდან ამოირეცხოს ყველაფერი რაც უყვარდა და ახსოვს. ადამიანს არ შეუძლია ცხოვროს ნოსტალგიის განცდით  მუდმივად. ფილმი ,, ფესვები“ ყველას გვაქვს ნანახი. მამაჩემი სახე მახსენდება რომელიც, თავის სოფლის სახლზე ბავშვივით ანთებული თვალებით საუბრობს.


Sunday, January 18, 2015

ME AS MARQUEZ

სიესტა იდგა.
ლოგინზე იწვა, მარტო. თუმცა სახლში ის და ხორხე იმყოფებოდნენ.
გახურებული ქვეშაგები სასიამოვნო სიგრილეს არ გვრიდა, როგორც მათ სჩვევია. იწვა და ფიქრობდა. მისჩერებოდა ყვითლად შეღებილ კედლებს, ჭერს, ღია ფანჯრებს.
 ამ დროს ეგონა, რომ თვალები უმრგვალდებოდა იდეალური წრედივით.
საქმე გამქრალიყო.
ოთახში საკრალური მოლოდინის სიცხე ჩამოწვა.
მზე კვერცხისგულისფერი იყო. ფიქრმა გაუელვა.
ახლა, რომ წამომხტარიყო და მეექვსე სართულიდან ესკუპა, იმ ასფალტზე კი არ დაილეწავდა ყველა ძვალს, რომელზეც ყოველ დღე დადიოდა, შუადღის მზის შუქში,- მოლოდინების საკრალურობაში დაინთქმებოდა. აზრმა აღაფრთოვანა! ცხოველად იგრძნო სევდანარევი ეიფორია. როცა გაქცევა გინდა, იქ სადაც არავინ გელოდება, ვერავის იპოვი, სადაც იმედი გაგიცრუვდება.
დაღლილად მინაბა თვალები. გუგები ეწვოდა.
ოთახში ხორხე შემოვიდა.
ხორხე თეთრი კატა იყო.
სახლში ორნი იყვნენ.
ხორხეს გადახედა და გაეღიმა.
ხორხე ყველაზე თეთრი კატა იყო ამქვეყნად.
ქუჩა თავის ყოველდღიურობაში იხრჩობოდა, ბღაოდა. ის წამს ვერასოდეს აჩრებს,- იმ მოხუცივითაა, ვერაფერს რომ იმახსოვრებს და ყოველი მომენტი რომ აღაფრთოვანებს.
ფანჯრიდან მხოლოდ სახურავები და ცა ჩანდა. სახურავები უამრავი კოშკურითა და გაჩაჩხული ანტენით. ყოველთვის იზიდავდა ეს დაქანებული ზედაპირები მაღლა, ცასთან. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლესთან მწყრალად იყო, თვლიდა,  რომ სახურავები სულ სხვაა. კარლსონის პოვნაზე არც კი ფიქრობდა.

სიესტის დადგომასთან ერთად დღის მარტოობასაც იზიარებდა. სიცხესთან ერთად. თითის ბალიშები უოფლიანდებოდა, ყველა უჯრედი უდუღდა. სულ მარტო იყო. ხორხესთან ერთად.