ძებნა

Sunday, January 18, 2015

ME AS MARQUEZ

სიესტა იდგა.
ლოგინზე იწვა, მარტო. თუმცა სახლში ის და ხორხე იმყოფებოდნენ.
გახურებული ქვეშაგები სასიამოვნო სიგრილეს არ გვრიდა, როგორც მათ სჩვევია. იწვა და ფიქრობდა. მისჩერებოდა ყვითლად შეღებილ კედლებს, ჭერს, ღია ფანჯრებს.
 ამ დროს ეგონა, რომ თვალები უმრგვალდებოდა იდეალური წრედივით.
საქმე გამქრალიყო.
ოთახში საკრალური მოლოდინის სიცხე ჩამოწვა.
მზე კვერცხისგულისფერი იყო. ფიქრმა გაუელვა.
ახლა, რომ წამომხტარიყო და მეექვსე სართულიდან ესკუპა, იმ ასფალტზე კი არ დაილეწავდა ყველა ძვალს, რომელზეც ყოველ დღე დადიოდა, შუადღის მზის შუქში,- მოლოდინების საკრალურობაში დაინთქმებოდა. აზრმა აღაფრთოვანა! ცხოველად იგრძნო სევდანარევი ეიფორია. როცა გაქცევა გინდა, იქ სადაც არავინ გელოდება, ვერავის იპოვი, სადაც იმედი გაგიცრუვდება.
დაღლილად მინაბა თვალები. გუგები ეწვოდა.
ოთახში ხორხე შემოვიდა.
ხორხე თეთრი კატა იყო.
სახლში ორნი იყვნენ.
ხორხეს გადახედა და გაეღიმა.
ხორხე ყველაზე თეთრი კატა იყო ამქვეყნად.
ქუჩა თავის ყოველდღიურობაში იხრჩობოდა, ბღაოდა. ის წამს ვერასოდეს აჩრებს,- იმ მოხუცივითაა, ვერაფერს რომ იმახსოვრებს და ყოველი მომენტი რომ აღაფრთოვანებს.
ფანჯრიდან მხოლოდ სახურავები და ცა ჩანდა. სახურავები უამრავი კოშკურითა და გაჩაჩხული ანტენით. ყოველთვის იზიდავდა ეს დაქანებული ზედაპირები მაღლა, ცასთან. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლესთან მწყრალად იყო, თვლიდა,  რომ სახურავები სულ სხვაა. კარლსონის პოვნაზე არც კი ფიქრობდა.

სიესტის დადგომასთან ერთად დღის მარტოობასაც იზიარებდა. სიცხესთან ერთად. თითის ბალიშები უოფლიანდებოდა, ყველა უჯრედი უდუღდა. სულ მარტო იყო. ხორხესთან ერთად.

No comments:

Post a Comment