ძებნა

Thursday, February 19, 2015

ფეხსაცმელებში მიწაჩაყრილი სიარული ადვილია?

ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ჩემი მეგობრის უცხოელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში.  ლაპარაკი ჩამოვარდა საქართველოში გადმოსახლებაზე, იმაზე, რომ თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ შესაბამისი პირობები, არეულობაა... მოკლედ ურჩევნია აქ იცხოვროს და საერთოდაც, ადამიანმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც მოესურვება და სავიზო რეჟიმი არ უნდა არსებობდეს. ვუსმენდი ამ ადამიანს, რომელოიც ,,პროგრესულ“ აზრებს გვიზიარებდა და ვფიქრობდი,- და შენი სამშობლო? და საერთოდ სიტყვა ,,სამშობლო“ რა აზრს ატარებს?  რამდენად მართებულია წახვიდე ქვეყნიდან იმის გამო, რომ იქ შესაბამისი პირობები არ გაქვს, არ მოგწონს შენი საზოგადოება, სახლი  და ა.შ. ? წახვიდე იმიტომ, რომ არ მოგწონს მთავრობა, წყობა და ა.შ. წახვიდე ისე, უბრძოლველად, სურვილის გარეშე,- შეგეცვალა რამე....
შემდეგ გადმოვინაცვლე ჩვენს რეალობაში და პარადოქსებს წავაწყდი. აღმოჩნდა, რომ  უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყანა წალკოტია, აქ მორბის ყველა და თავისუფლებას აქ ჰპოვებს?! ჩვენი ტელევიზიები წელიწადში რამდენჯერმე,,გვახარებს“ ვიღაც გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, არაბი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელით, რომელიც გვიღიმის ქართული ღვინით სავსე ჭიქით ხელში, თავისი ვენახის, ან ფერმის ფონზე და ამბობს რომ ბედნიერია, აქ ყველა პირობა აქვს, რომ განვითარდეს და მშვიდად იცხოვროს. ქართველი ახალგაზრდობისთვის კი აქაურობა ჭაობია, საიდანაც უახლოესი სასწავლო პროგრამით ცდილობენ სამუდამოდ გაქცევას. ისე, უკან მოუხედავად,- აქ სული ეხუთებათ. მგონი თვალები და ყურები არ მატყუებს და მოვლენას სწორად თუ არა, ცოტათი მაინც ლოგიკურად დავარქვი სახელი: პარადოქსი.
მეც ვცხოვრობ ამ ქვეყენაში, მეც მაწუხებს უკულტურო საზოგადოება, ბიზნესად ქცეული სიღატაკე, დანაგვიანებული ქუჩები, გაჩეხილი ხეები და უიმედობის სიმძიმე, რომელიც უმრავლესობას გვაწევს ზურგზე. ვხედავ, რომ პესიმიზმის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ოპტიმიზმის. თუმცა მაინც არ მესმის, რატომ უნდა წავიდე. გავიქცე?
ვცდილობდი გამეხსენებინა უცხოეთში წასული ქართველების ბედი,- მიაღწიეს თუ არა მათ სულის სიმშვიდეს, მატერიალურ კეთილდღეობას. ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,- აქედან გაქცევის მიზეზი უმეტესწილად მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების მიზანია. შრომის სურვილი მისასალმებელია და არავითარ შემთხვევაში დასაძრახი. ვიფიქრე, ვიფიქრე და ერთეულები გამახსენდა ჩემს ირგვლივ, ვინც იქ ,,განვითარდა“-ჩვენეული გაგებით. რას გულისხმობს განვითარება? იმ საქმის კეთება, რაც მოგწონს და გიყვარს? შეგიძლიათ მითხრათ მთელი ცხოვრება რისი კეთება გინდათ? რაში გინდათ გახდეთ პროფესიონალი? ქართველი სტუდენტები რომ გამოვკითხოთ , უმრავლესობა იმ კითხავზე, თუ რა დარგში სურს გახდეს პროფესიონალი და თქვას თავისი სიტყვა, ვერ გაგცემთ პასუხს, ან გაგცემთ და მოგატყუებთ.  უცხოეთში სულის სიმშვიდისთვის წასული ხალხის უმრავლსეობა არ ეწევა იმ საქმიანობას, რისი სპეციალისტიცაა. სამსახურს პოულობს, მაგრამ არა იმას, რაც სურს....
რა გველოდება ჩვენ ,,იქ“? მოწესრიგებული საზოგადოება, სუფთა ქუჩები, შეგნებული ხალხი. ვერაფერს იტყვი, მშვენიერია. მაგრამ ეს ყველაფერი სხვისი ხელითა და ძალისხმევითაა აშენებული. ქვეყანა, სადაც მივდივართ, არის სხვისი,- ორ მსოფლიო ომგამოვლილი ქვეყნები. მათი საზოგადოების სისხლითა და ოფლით აშენებული შეგნება და სუფთა ქუჩები. როცა ამ ყველაფერს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ჩვენ უბრალოდ ეგოიზმი და სიზარმაცე გვიტევს. სიძნელეებთან შეჭიდება რთულია, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელს არც ეკონომიკური ფონი და არც შეგნება არ გიწყობს, მაგრამ უბრძოლველად დანებება არ ვიცი, რამდენად გამართლებულია. ნურავინ მეტყვის, რომ იბრძოლა, ვერაფერს მიაღწია და ახლა მიდის... სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლა ექვტიმე თაყაიშვილმა, რომ სამშობლოსთვის განძი და მემკვიდრეობა ჩამოეტანა, ის, რითაც ვამაყობთ,- ჩვენი წარსული შეენახა. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა ქაქუჩა ჩოლოყაშვილმა, რომ მიწა შეენარჩუნებინა ჩვენთვის. ჩემს წინაპრებს ცოცხლად გააძრეს ტყავი აჭარის მთებში, იმისთვის რომ სამშობლო წაერთმიათ... ნურავინ იტყვის, რომ იბრძოლა და შედეგს ვერ ხედავს.
რატომ გვტკივა ჩვენს სამაჩაბლო და აფხაზეთი? თუ ქვეყნიდან უკანმოუხედავად წასვლას ვაპირებთ... იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოს ნაწილია? რად მინდა სამაჩაბლო და აფხაზეთი, თუ ამ  ქვეყნის მომავალი და ბედი უკვე აღარაფერში მაინტერესებს? ქვეყანა, რომელიც ვერაფერს მაძლევს ღირებულს... დაე ამოვიდეს ანწლი ბაბუაჩემის საფლავზე, იქ, აჭარის მთებში, იმ მიწაზე, რომელიც შემინახა, მაინც არ მინდა ცხოვრება... რაღა საჭიროა ბიჭების დახოცვა ომში, ჩვენი ერთიანობის შესანარჩუნებლად, მიწის შესანარჩუნებლად... მილან კუნდერას ,, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“-ში ერთ- ერთ პერსონაჟი სწორედ ამ მოვლენას აკრიტიკებს. აკრიტიკებს ხალხს, ემიგრანტებს, რომლების გაიქცნენ უცოხეთში და ახლა იქიდან ცდილობენ თითქოს რამის გამოსწორებას, კომფორტულ სავარძლებში მოკალათებულები, პატრიოტიზმს ასწავლიან განადგურებულ ჩეხეში მცხოვრებთ. ადვილია გტკიოდეს შორიდან, იქედან, სადაც მთავარი ბრძოლის ცეცხლი არ შეგხებია. მარტივია თქვა: ,,საქართველო მაინც საქართველოა“,-და ხელი ჩაიქნიო. როგორ მეცოდება ჩემი სამშობლო ამ სიტყვებისთვის. ანუ შენ მაინც ის ხარ, ვინც ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ისეთივე საქართველო იქნები, როგორიც დატოვე.  ქვეყანა არ არსებობს თავისთავად, ქვეყანას ვქმნით ჩვენ. ქვეყანა არის მისი საზოგადოება, კულტურითა და ღირებულებებით. მაშინ ნუღარ იამაყებთ იმითი, რომ ჩაკრულო კოსმოსშია, ქართული ჩოხით, დიდგორით და ა.შ. საქართველო ხომ საქართველოა და დარჩება საქართველოდ. ამ ლოგიკით, ის ასეთივე ქვეყანა იყო, არის და იქნება, როგორიც ეხლა გვაქვს. შესაბამისად ის,რითიც ვამაყობთ, ამ დაბალი შეგნების ხალხის მიერ არის შექმნილი. თუ არ მეთანხმებით , იმისაც გეტყვით, რომ განვითარება და წინსვლა თავისთავად არ მოდის, მას შრომა სჭირდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ კონდიციას, რომელმაც ის დიდი კულტუარა შექმნა, რითიც ვამაყობთ. და თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სულ არ გაინტერესებთ და სულ კარგად ვიყოთ, თქვენ იტყუებით. და მაშინ იტყუებიან ის გაღიმებული უცხოელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში თუ იმუშავებ, არის ესაძლებლობა იმისა, რომ განვითარდე.
არ ვცდილობ ვინმეში პატრიოტული გრძნობები აღვძრა, ან ვინმეზე უკეთესი გამოვჩნდე. მე უბრალოდ პასუხები მინდა ამ კითხებზე, არგუმენტირებული პასუხები, თუ რატომ არის ,,პროგრესული“ საქართველოდან წასვლა, რა არის სულის ხუთვის მიზეზი, რატომ ნიშნავს ევროპული სუფთა ქუჩიდან გულის ტკივილი სამაჩაბლოზე,- პატრიოტიზმი, რატომ უნდა დავნებდე უბრძოლველად. ვფიქრობ, საზოგადოება, ჩვენ ყველა, ვერ ვიაზრებთ იმ ძალას რასაც ვფლობთ. მგონი დაგვავიწყდა იგავი, რომ ,, ძალა ერთობაში“, რომ საქართველო და ზოგადად ქვეყანა ვართ ჩვენ! არ არსებობს განყენებული , ცალკე ობიექტი ,,საქართველო“, ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილები ვართ. თუ ყველა ერთად გამოვიჩენთ კეთილ ნებას, გვექნება იდეა და სურვილი შევცვალოთ რამე: მოვუსმინოთ ერთამენთს, დავაფასოთ სხვისი აზრი, არ დავყაროთ ქუჩაში ნაგავი, არ მოვჭრათ ხე და ა.შ.  არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვფირობ, რომ ისინი, ვისაც წასვლა გადაუწყვეტია, თავს არ აღიქვამენ ქართული საზოგადოების ნაწილად. თითქოს საზოგადოება არსებობდეს განყენებულად, ქაოტურად მოძრავი ბუზების ჯგუფის მსგავსად და ისინი ცალკე. ვერ იაზრებენ, რომ იმ სუძულვილით, რომლითაც სულის ხუთვაა გამოწვეული,  იმ ბნელი საზოგადოების ნაწილი ხდებიან, ვისგანაც გაქცევა სურთ. შრომისა და დახმარების არ სურვილით ისინიც ბნელი ნაწილის მატარებლები არიან. ამ სიბნელეს კი ვერსად გაექცევი, -შენი წილი ,,ქართული საზოგადოება“ ყველგან გამოგყვება. არა მგონია, რომ შოტლანდიელმა, რომელიც დღეს ინგლისელად იწოდება, თავისი კილტით დააფასოს ადამიანი, რომელიც საკუთარი სამშობლოდან გამოიქცა. და ნურავინ მეტყვის რომ, დღეს ნაციონალიზმი ჩამორჩენილობად ითვლება. მაგალითად რომ ავიღოთ თურქეთი, რომლის მაგალითად წარმოდგენა არ გვაქვს წესად, ჩვენზე განვითარებული ქვეყანაა. არცერთი თურქი არ მოგცემს უფლებას, შეურაცხყო თავისი ქვეყანა, რელიგია, გააფუჭო რამე, დაარღვიო კანონი. ყველა სახლზე სახელმწიფო დროშაა გამოკიდებული.  ამ ადამიანებმა, ნულიდან ააშენეს თავიანთი დაქცეული ქვეყანა, იშრომეს და დღეს კარგ კონდიციამდე მივიდნენ. მათ უყვართ თავიანთი სამშობლო და დღესაც, როცა იქ მოვლენები ,,ცუდად“ ვითარდება, არავინ ცდილობს გაიქცეს ქვეყნიდან, სადაც ,,ვერ უგებენ“ ,,ებრძვიან“, დისკომფორტს უქმნიან. ისინი იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის.  საქართველოს გარდა ქართველები ყველგან ვიქნებით სტუმრები.
ხალხს რომ თავი დავანებოთ, მიწა-წყალს და წარსულს,- არის რაღაც ცხოველი, მოაზროვნე და გრძნობებით სავსე, რომლის აქ დატოვება მოგვიწევს, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი უძლურია,-ჩვენი მშობლები. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ უცხოეთში და იქიდან  მატერიალურად უზრუნველყოთ ეს ძვირფასი ადამიანები. ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვა ახლა მწვანე ფურცლებითაც შესაძლებელია. რატომ გვგონია ასე?  რატომ გადავიდა უკანა პლანზე გულითადი ურთიერთობები, სითბოს გაზიარება და ზრუნვა. რატომ გახდა ის ასე შაბლონური. ყველა დავბერდებით. სიბერეს კი ათასგვარი დაავადება მოსდევს. ზრუნვა თუ გაძღომით შემოიფარგლება, მაშინ ახლავე ჩავაბაროთ ჩვენი ახლობლები მოხუცთა თავშესაფარში, გადავიხადოთ ფული ყოველ თვე... მათი მიტოვება ზუსტად ამას გულისხმობს.
მაინტერესებს პასუხები ამ კითხვაზე. არ ვცდილობ ნამუსზე შევაგდო ვინმე, უკეთეს მოქალაქედ ან პატრიოტად გამოვჩნდე. გული მწყდება, როცა აქედან სამუდამოდ წასვლაზე სახეგაბადრული საუბრობს ადამიანი. მე მათში პესიმიზმს ვხედავ. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს მარტო ვრჩებოდე. ვფიქობ, ადამიანს არ გააჩნია ძალა,  გონებიდან ამოირეცხოს ყველაფერი რაც უყვარდა და ახსოვს. ადამიანს არ შეუძლია ცხოვროს ნოსტალგიის განცდით  მუდმივად. ფილმი ,, ფესვები“ ყველას გვაქვს ნანახი. მამაჩემი სახე მახსენდება რომელიც, თავის სოფლის სახლზე ბავშვივით ანთებული თვალებით საუბრობს.