ძებნა

Sunday, November 15, 2015

99 ფრანკი

ქუჩაში გამოვედი წითელი შარვლით და უეცრად შეყვარებულ-ამოჩემებული ,,ბათინკებით“. უკვე შემოდგომაა. მიყვარს შემოდგომა. აღფრთოვანებული ვარ ფოთლების თოვლით. ერთხელ ქუჩის კუთხეში მდგომი ხის ქვეშ დავდექი, რომ ფოთლები თავზე დამცვენოდა. ჩუმად. ვითომ შემთხვევით. მოკლედ შემოდგომაა. მზიანი დღე იდგა. ციოდა და დიდ მანძილს ფეხით ვერ გავივლიდი. ამიტომ სამარშუტო ტაქსიში მოვთავსდი, სპეციალურად ფანჯარასთან და მიხაროდა,- სითბოდან ვადევნებ ამ სილამაზეებს თვალს თქო და ... სუში!!! პირდაპირ ჩემს თვალწინ, წინა სავარძლის ზედა ნაწილზე დამაგრებული სუშის და საჩუქრად კოკა-კოლას რეკლამა გადაიშალა. თვალი მეზობელი სავარძლისკენ გავაპარე და იქაც სუში!
აქამდე რეკლამის ამ ნაირსახეობას არ ვიცნობდი. თავი შებოჭილად ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მაძალებდა, რომ გაუჩერებლად მეკითხა ფურცელზე დატანილი ტექსტი. ასეც იყო.
აჭრელებული თვალები ფანჯარას მივაპყარი (ვინაიდან 0.5 ლიტრი უფასო კოკა-კოლით არ მოვიხიბლე) და ჰოი საოცრებავ! აქ უკვე აპრობირებული ბადე სტიკერი დამხვდა. თვალები უფრო ამტკივდა, ხედით ტკბობის სურვილიც გამიფუჭდა და დავუბრუნდი სამარშუტო ტაქსის სალონს. სავარძლებში მოკუნტული მგზავრები შევათვალიერე. რა უსუსრები ვართ ! გამიელვა. რეკლამისთვის და ზომბირებისთვის განკუთვნილი აუდიტორია. სადაც არ უნდა მიმეხედა სარეკლამო ბილბორდები, მორბენალი სტრიქონები, მოლაპარაკე ადამიანები, ეკრანები....!!!  ყველა მარწმუნებდა რომ სესხი კარგია:, ჰოპ და არაფერი; რომ ცხოვრება მშვენიერია მხოლოდ და მხოლოდ რეკლამირებული ბრენდის ტანსაცმელში, რომ ალუმინი რომელსაც N ფირმის დეოდორანტი შეიცავს ,,ბიო’’ იყო და ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს არაფერს ვნებდა... მოკლედ მაცდურად შეფუთული ბევრი ტყუილ-მართალი.
ჩვენი ცხოვრება იმდენად დატვირთულია საქმით, საფიქრალით, სადარდებელით, რომ ვერც კი ვიგებთ, რომ რეკლამა ძალადობის ერთ-ერთ სახეობად იქცა. არ გიფიქრიათ, რამდენად ხშირად ირღვევა ჩვენი პირადი სივრცე, ვრცელდება კონფიდენციალური ინფორმაცია. ხომ ყველას მოგვდის ასობით მესიჯი მობილურ ტელეფონზე (თანაც მაშინ, როცა მნიშვნელოვან მესიჯს ელოდები). თითქოს არაფერი, მაგრამ ეს გვაიძულებს იმედგაცრუება და მარტოობა ვიგრძნოთ, ან თუნდაც თავი რაღაც საშუალებად მივიჩნიოთ. ცხელ გულზე ისიც გამახსენდა, საჭესთან როგორ შემაშინა რადიოში გაშვებულმა რეკლამამ.  მშვიდად, წყნარად მივემართებოდი ა პუნქტიდან ბ პუნქტისკენ, ვუსმენდი განწყობის შესაფერის მუსიკას რადიოში. მოვდუნდი, დადებითი ემოციებით აი ავივსე, კარგი მოგონებები მოცურდნენ. დამთავრდა მუსიკა ვიღიმები და  საჭე კონაღამ ხელიდან გამივარდა ისეთი ხმაურიანი რეკლამა შემოვარდა ჩემს სივრცეში. მუსიკაზე რამოდენიმე ტონით უფრო მაღალი. რა დადებითიც ვაგროვე, იმ წუთშივე გაქრა. მას შემდეგ სიმღერა დამთავრდება თუ არა ეგრევე ხმას ვუწევ,-  გამოცდილი ვარ.

ხელში შემოჩეჩებული და 2 მეტრში ნაგავში ჩაყრილი ლიფლეტები, რიგები მაკდონალდსში, ვენდიში, დანკინ დონატსში. ვიცით რომ არაჯანსაღია, ვიცით რომ გვაზიანებს, მერამდენედ დავიფიცეთ, აღარ შევალთო. იმისთვის, რომ გავექცეთ გარემოს სმარტფონებში , სავარძლებში ვძვებით, მაგრამ ყველაფერი უკვე სავსეა მაცდური წინადადებებით. ბადე სტიკერიც თვალებს გვიჭრელებს. თუმცა არაფერს ვამბობთ.  ჩვენ საცდელი კურდღლები ვართ. რეკლამა მუშაობს!

No comments:

Post a Comment