ძებნა

Saturday, September 10, 2016

,,ბავშვობიდან აქა ვზივარ "

                                    

.... ,,მე ამ სფეროში 100 წელია ვარ!“ - აბა დავფიქრდეთ ჩვენს ცხოვრებაში რამდენჯერ მოგვისმენია მსგავსი ფრაზა? მე ძალიან ბევრჯერ. იმდენჯერ, რომ უსიამოვნოდ ვიშმუშნები როცა მესმის.
იმ დღეს მშვენიერი დილა გათენდა. მზემ გამოანათა და ჰაერი არც ისე გაყინული ჩანდა. საქმე მქონდა, ასე რომ რა ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მაინც უნდ აგავსულიყავი. ბავშვთა ბაღში მივდიოდი  გამოკითხვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბაღებს უბრალოდ შევათვალიერებ თქო, მივადექი თუ არა შენობას, დაუფიქრებლად გავღე ჭიშკარი და დაცვას მივეჭერი. დაცვა ცოტა დაბნეული კაცი აღმოჩნდა, 3 ჯერ მოტრიალდა და მკითხა რა მინდოდა. ბოლოს როგორც იქნა გამგეს შევხვდი. გავაცანი საქმის არსი. ქალბატონს სახე დაუმშვიდდა, მივხვდი მიზეზს. გამოიძახა მეთოდისტი. ოთახში უკვე პენსიაზე დიდი ხნის უნდამყოფი ქალი შემოვიდა. მე გავუღიმე და იგივე გავიმეორე რაც დირექტორს ვუთხარი. ,,ჩვენ დიდი ხანია უკვე  ვიცით ამის შესახებ,- მომიგო გამარჯვებულის ღიმილით; ანუ კვლევა არ უნდა ჩაგვეტარებინა,- ამდენი ხანია ამ სფეროში ვარ“- ფრიად ქედმაღლურად. შევეცადე გაოცება დამემალა. თავში საუბრისას ჩემი გამომეტყველების ვარიაციები გადავათვალიერე. ყოვლისმცოდნე სტუდენტის სახე ტვინმა ,,არ ამომიგდო“. ოჰ რა თქმა უნდა, როგორ დამავიწყდა, ქალბატონმა თავისი ცოდნა-გამოცდილების დემონსტრაცია მოახდინა, როცა საკვლევი საკითხი გავახმოვანე. ამ ფრაზით, თავისი აზრით, მომენტალური გამარჯვება მოიპოვა სტუდენტზე , რომელიც ფიქრობს რომ ველოსიპედი. მოკლედ, შევთანხმდით ინტერვიუებზე და წამოვედი.
გზად ბევრჯერ გამიელვა მეთოდისტის მიერ წარმოთქმულმა ფრაზამ. რატომ მიმართავენ ადამიანები ამ ხერხს? საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად? თუ ეს უტეხი არგუმენტია? გულისხმობს თუ არა წლების გამოცდილება ყველაფრის ცოდნას და ახალი აზრების არ მიღებას? სიახლის არ ძიებას?
გამახსენდა მომენტები, როცა ეს ფრაზები მოვისმინე. ზოგიერთი მათგანი პოლემიკის დროს მომისმენია, ზოგიც იმის არგუმენტად, რომ რასაც ამბობენ ნამდვილად ასეა, წლები არ ტყუიან; ზოგიც მაშინ, როცა ვინმე გულანთებული საუბრობდა რაიმე სიახლეზე...
დავფიქრდი ამაზე და კიდევ პასუხისმგებლობებზე, რომელსაც ვიღებთ, გვაღებინებენ, ჩვენდა უნებურად გვეკერება...
თუ თვალს გადაავლებთ სოციალურ ქსელს, სტატუსების, ფოტოების, ფრაზების უმრავლესობა გაქცევაზე, პასუხიმგებლობების დატევებასა და ტყეებში გახიზნვაზე ღაღადებს. ადამიანები დაიღალნენ. დაიღალნენ ოჯახებით, სამსახურით, მეზობლებით, წარბშეკრული ადამიანებით ქუჩაში. დაიღალნენ იმით, რაც მათ ოლიმპიურ სიმშვიდეს ურღვევს. საშუალებას არ აძლევს საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს... და რამდენი მათგანი უღრმავდება საკუთარ თავს როცა თავსატეხებს ,,მოიშორებს“? თქვენ გაგჩენიათ ეს კითხვა? მე გამიჩნდა... ჰო და პასუხისმგებლობებიო. რატომღაც ამ 18 ასოიან სიტყვას ბოროტების და შიშის მანტია აქვს მოსხმული. ყველას წარმოთქმისთანავე ღლის. სიტყვაც ხომ 18 ასოიანია. მესმის... არადა, ჩემი მოკრძალებული აზრით, პასუხიმგებლობა სულაც არ არის ცუდი. საერთოდაც ჩვენი ცხოვრება, ჩვენი არსი, და ის რომ დღეში ერთხელ მაინც უნდა ვჭამოთ პასუხიმგებლობაა ჩვენი თავის წინაშე.
ამაზე ფიქრისას გამახსენდა ადამიანები, რომლებსაც მსოფლიოს, ადამიანების უკეთესობისკენ შეცვლა სურთ. მათ შორის მე (განათლების სისტემის ) და მათ შორის ადამიანებს რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობენ თუ ასწავლიან. ეს სერიოზული განაცხადია, ეს პასუხიმგებლობაა. ის საშინელი სიტყვა. და მე სულაც არ მეშინია. ვთვლი, რომ ადამიანებს იმისი არ უნდა ეშინოდეთ, რაც სიკეთეს მოიტანს. სიკეთე კი ბევრი სახისაა. არ უნდა ეშინოდეთ დაკისრებული საქმიანობისა- შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს, არ უნდა ეშინოდეთ პატარა არსების რომლის გაჩენის შემდეგ თავს ვეღარ ჩაუღრმავდებიან და ვერ განვითარდებიან ( და აქამდე.. ? მოკლედ.. ) მე ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობები კარგია. ის გვაცოცხლებს, გვამოძრავებს, ადრენალინის დონეს წევს  და გულს აიძულებს იმუშაოს. პასუხისმგებლობებს წინსვლა მოსდევს.
თუმცა.. რატომ დავიწყე საუბარი ,,მეთოდისტით“? მე მისმა განცხადებამ დამაფიქრა. ,,ჩვენ ეს ვიცოდით აქამდეც!“  სერიოზული განაცხადია. მან პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე იმისა, რასაც არ ასრულებს. არც ისე დიდ ბაღის შენობაში ძალიან კარგად ისმოდა როგორ უყვიროდა აღმზრდელი 3 წლის ბავშვს: ,, მე დავდებ და შენ გინდ გიჭამია, გინდ არა!“ .. მეთოდისტმა უკვე დიდიხანია იცის რომ ბავშვზე ძალადობა, ,,ძალის მიერი მეთოდებით“ ბავშვის აღზრდის მცდელობა დაუშვებელია ზოგადად, მითუმეტეს განათლების სისტემაში. მითუმეტეს 3 წლის ბავშვისა. მაშ რატომ იღებს ადამიანი ასეთ პასუხიმგებლობას? ცოდნაც პასუხისმგებლობაა, განათლება, დიპლომიანობა, რისკენაც მთელი სასკოლო სამყარო მიილტვის. თავის სპეციალისტობაში რომ ეჭვი არ შემეპაროს? რატომაც არა? მაგრამ ესეც პასუხიმგებლობაა. ნდობა. დიახ ეს ასეა.

პასუხისმგებლობა არ არის ,,ცუდი“ სიტყვა. მისი არამეთოდურად გამოყენებაა ცუდი. მისგან გაქცეული და მთებში მიმალული ადამიანი კი არ არის პიროვნება. პასუხისმგებლობა = ფიქრს და ზრდას. 

Sunday, November 15, 2015

99 ფრანკი

ქუჩაში გამოვედი წითელი შარვლით და უეცრად შეყვარებულ-ამოჩემებული ,,ბათინკებით“. უკვე შემოდგომაა. მიყვარს შემოდგომა. აღფრთოვანებული ვარ ფოთლების თოვლით. ერთხელ ქუჩის კუთხეში მდგომი ხის ქვეშ დავდექი, რომ ფოთლები თავზე დამცვენოდა. ჩუმად. ვითომ შემთხვევით. მოკლედ შემოდგომაა. მზიანი დღე იდგა. ციოდა და დიდ მანძილს ფეხით ვერ გავივლიდი. ამიტომ სამარშუტო ტაქსიში მოვთავსდი, სპეციალურად ფანჯარასთან და მიხაროდა,- სითბოდან ვადევნებ ამ სილამაზეებს თვალს თქო და ... სუში!!! პირდაპირ ჩემს თვალწინ, წინა სავარძლის ზედა ნაწილზე დამაგრებული სუშის და საჩუქრად კოკა-კოლას რეკლამა გადაიშალა. თვალი მეზობელი სავარძლისკენ გავაპარე და იქაც სუში!
აქამდე რეკლამის ამ ნაირსახეობას არ ვიცნობდი. თავი შებოჭილად ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მაძალებდა, რომ გაუჩერებლად მეკითხა ფურცელზე დატანილი ტექსტი. ასეც იყო.
აჭრელებული თვალები ფანჯარას მივაპყარი (ვინაიდან 0.5 ლიტრი უფასო კოკა-კოლით არ მოვიხიბლე) და ჰოი საოცრებავ! აქ უკვე აპრობირებული ბადე სტიკერი დამხვდა. თვალები უფრო ამტკივდა, ხედით ტკბობის სურვილიც გამიფუჭდა და დავუბრუნდი სამარშუტო ტაქსის სალონს. სავარძლებში მოკუნტული მგზავრები შევათვალიერე. რა უსუსრები ვართ ! გამიელვა. რეკლამისთვის და ზომბირებისთვის განკუთვნილი აუდიტორია. სადაც არ უნდა მიმეხედა სარეკლამო ბილბორდები, მორბენალი სტრიქონები, მოლაპარაკე ადამიანები, ეკრანები....!!!  ყველა მარწმუნებდა რომ სესხი კარგია:, ჰოპ და არაფერი; რომ ცხოვრება მშვენიერია მხოლოდ და მხოლოდ რეკლამირებული ბრენდის ტანსაცმელში, რომ ალუმინი რომელსაც N ფირმის დეოდორანტი შეიცავს ,,ბიო’’ იყო და ჩვენს ჯანმრთელობას და გარემოს არაფერს ვნებდა... მოკლედ მაცდურად შეფუთული ბევრი ტყუილ-მართალი.
ჩვენი ცხოვრება იმდენად დატვირთულია საქმით, საფიქრალით, სადარდებელით, რომ ვერც კი ვიგებთ, რომ რეკლამა ძალადობის ერთ-ერთ სახეობად იქცა. არ გიფიქრიათ, რამდენად ხშირად ირღვევა ჩვენი პირადი სივრცე, ვრცელდება კონფიდენციალური ინფორმაცია. ხომ ყველას მოგვდის ასობით მესიჯი მობილურ ტელეფონზე (თანაც მაშინ, როცა მნიშვნელოვან მესიჯს ელოდები). თითქოს არაფერი, მაგრამ ეს გვაიძულებს იმედგაცრუება და მარტოობა ვიგრძნოთ, ან თუნდაც თავი რაღაც საშუალებად მივიჩნიოთ. ცხელ გულზე ისიც გამახსენდა, საჭესთან როგორ შემაშინა რადიოში გაშვებულმა რეკლამამ.  მშვიდად, წყნარად მივემართებოდი ა პუნქტიდან ბ პუნქტისკენ, ვუსმენდი განწყობის შესაფერის მუსიკას რადიოში. მოვდუნდი, დადებითი ემოციებით აი ავივსე, კარგი მოგონებები მოცურდნენ. დამთავრდა მუსიკა ვიღიმები და  საჭე კონაღამ ხელიდან გამივარდა ისეთი ხმაურიანი რეკლამა შემოვარდა ჩემს სივრცეში. მუსიკაზე რამოდენიმე ტონით უფრო მაღალი. რა დადებითიც ვაგროვე, იმ წუთშივე გაქრა. მას შემდეგ სიმღერა დამთავრდება თუ არა ეგრევე ხმას ვუწევ,-  გამოცდილი ვარ.

ხელში შემოჩეჩებული და 2 მეტრში ნაგავში ჩაყრილი ლიფლეტები, რიგები მაკდონალდსში, ვენდიში, დანკინ დონატსში. ვიცით რომ არაჯანსაღია, ვიცით რომ გვაზიანებს, მერამდენედ დავიფიცეთ, აღარ შევალთო. იმისთვის, რომ გავექცეთ გარემოს სმარტფონებში , სავარძლებში ვძვებით, მაგრამ ყველაფერი უკვე სავსეა მაცდური წინადადებებით. ბადე სტიკერიც თვალებს გვიჭრელებს. თუმცა არაფერს ვამბობთ.  ჩვენ საცდელი კურდღლები ვართ. რეკლამა მუშაობს!

Saturday, May 23, 2015

ასე ხდებიან ჩემპიონები

აქა ამბავი ქართველი სპორტსმენისა, რომელმაც გადაიარა მთა და ბარი, გადალახა ბევრი მდინარე და ზღვა იმისთვის, რომ მიზანში მოეხვედრებინა ისარი.

შემდეგ ისევ გადის იგივე მანძილს და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას: სკოლა, ვარჯიში, სამეცადინო, მეგობრები,  სკოლის მასწავლებელი, რომელიც ,,სასარგებლო“ რჩევებს იძლევა (,,მშვილდოსნობა რა სპორტია, თავი დაანებეო, ,,ურჩია“ მეგობრულად),  

.... და ასე წრიულად.

ერთდაერთია საქართველოში. მოლაპარაკე ყუთში  რომ ახსენებენ (და ასე ხშირად ხდება), გული სიხარულით მიხტის და ვიღიმები და ვიღიმები.
იქ ავსტრიაში, ჩინეთში, სლოვენიაში, თურქეთში.... არავინ იცის, საიდან მოვიდა გოგონა მშვილდისრით.

                                                                  ანა დუმბაძე

არის პატარა დაბა დიდი რაგბის მოედნით. ამ მოედანზე არც ბალახია გაკრეჭილი, არც მოედანია დახაზული, არც გასახდელებია და არც საშხაპეები.  მოსახლეობა ზაფხულობით სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად აქ გამოდის. ზოგი საქონელსაც აძოვებს. ძირითადად რაგბისტები, ფეხბურთელები და მშვილდოსნები ვარჯიშობენ.  ისინი არ ცხოვრობენ სპორცმენების ცხოვრებით, რომლებიც კინოებში გვინახავს: გაწერილი გრაფიკით, სპეციალური საკვებით, კარგ პირობებში... პატარა ბიჭები და გოგოები არიან, ვარჯიშის დროს რომ ერთმანეთს დასცინიან და მხიარულობენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ პედესტალზე ასვლა და ოქროს მედლის შეგრძნება მკერდზე.  გაგიკვირდებათ და ამ გოგოს ასეთი ბევრი აქვს სახლში. დღემდე მგონია რომ ვერც კი იაზრებს, ისე ადის და ჩამოდის პედესტალიდან. ისე ჩამოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან სხვადასხვა მეტალის მედლები, ვითომც არაფერი.

ეუბნებიან უნდა წახვიდე ,,იქ“. ჩაალაგებს ჩანთას და სრულიად მარტო მიემგზავრება. სულ მინდა თავში ჩავუძვრე და ვნახო რა ხდება იქ, როცა თვითმფრინავში ჯდება, ან უფრიალებს თუ არა გული შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე, ძინავს თუ არა ღამით საერთოდ.
სულ ახლახან გადასერა ჰაერი და მიწა (რატომღაც მშვილდოსნობის ფედერაციამ ხელმომჭირნეობა გამოიჩინა და საქართველოდან მივლენილ ერთადერთ სპორცმენს, რომელიც სხვა ქვეყნის 28 გუნდს შეეჯიბრა, უმრავი ტრანსპორტი გამოაცვლევინა, რომ ავსტრიამდე ჩასულიყო, სამიზნესთან) მოხვდა 20ეულში და თავის პატარა ჩემოდნით ბრუნდება უკან.

ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ,,ფეოლა“ J. აი, ანუკის რომ ვუყურებ, სულ ეგ ფილმი მახსენდება.  ის სისუფთავე, ენთუზიაზმი, ბევრი კომიკური სიტუაცია, მწვრთნელიც და გამარჯვება.
მინდა კიდევ ბევრჯერ გავიგო მისი სახელი და სიხარულისგან ვიხტუნო ადგილზე.
პატარა გოგო , მშვილდით ხელში, სრულიად მარტო დაიარება მსოფლიოს სხვადახვა წერტილში და უახლოვდება მიზანს.

P.S.  სხვათაშორის, ფილმი ,,ფეოლა“ ზემოაღნიშნულ მოედანზეა გადაღებული.

             


 საქართველოს ორგზის ჩემპიონი,
 რვა პირველობა,
 რვა მეორე ადგილი,
 ორი მესამე, 
2013 და 2014 წლების პერსპექტიული სპორტსმენი.

Thursday, February 19, 2015

ფეხსაცმელებში მიწაჩაყრილი სიარული ადვილია?

ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ჩემი მეგობრის უცხოელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში.  ლაპარაკი ჩამოვარდა საქართველოში გადმოსახლებაზე, იმაზე, რომ თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ შესაბამისი პირობები, არეულობაა... მოკლედ ურჩევნია აქ იცხოვროს და საერთოდაც, ადამიანმა იქ უნდა იცხოვროს, სადაც მოესურვება და სავიზო რეჟიმი არ უნდა არსებობდეს. ვუსმენდი ამ ადამიანს, რომელოიც ,,პროგრესულ“ აზრებს გვიზიარებდა და ვფიქრობდი,- და შენი სამშობლო? და საერთოდ სიტყვა ,,სამშობლო“ რა აზრს ატარებს?  რამდენად მართებულია წახვიდე ქვეყნიდან იმის გამო, რომ იქ შესაბამისი პირობები არ გაქვს, არ მოგწონს შენი საზოგადოება, სახლი  და ა.შ. ? წახვიდე იმიტომ, რომ არ მოგწონს მთავრობა, წყობა და ა.შ. წახვიდე ისე, უბრძოლველად, სურვილის გარეშე,- შეგეცვალა რამე....
შემდეგ გადმოვინაცვლე ჩვენს რეალობაში და პარადოქსებს წავაწყდი. აღმოჩნდა, რომ  უცხოელებისთვის ჩვენი ქვეყანა წალკოტია, აქ მორბის ყველა და თავისუფლებას აქ ჰპოვებს?! ჩვენი ტელევიზიები წელიწადში რამდენჯერმე,,გვახარებს“ ვიღაც გერმანელი, ფრანგი, ინგლისელი, არაბი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელით, რომელიც გვიღიმის ქართული ღვინით სავსე ჭიქით ხელში, თავისი ვენახის, ან ფერმის ფონზე და ამბობს რომ ბედნიერია, აქ ყველა პირობა აქვს, რომ განვითარდეს და მშვიდად იცხოვროს. ქართველი ახალგაზრდობისთვის კი აქაურობა ჭაობია, საიდანაც უახლოესი სასწავლო პროგრამით ცდილობენ სამუდამოდ გაქცევას. ისე, უკან მოუხედავად,- აქ სული ეხუთებათ. მგონი თვალები და ყურები არ მატყუებს და მოვლენას სწორად თუ არა, ცოტათი მაინც ლოგიკურად დავარქვი სახელი: პარადოქსი.
მეც ვცხოვრობ ამ ქვეყენაში, მეც მაწუხებს უკულტურო საზოგადოება, ბიზნესად ქცეული სიღატაკე, დანაგვიანებული ქუჩები, გაჩეხილი ხეები და უიმედობის სიმძიმე, რომელიც უმრავლესობას გვაწევს ზურგზე. ვხედავ, რომ პესიმიზმის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ოპტიმიზმის. თუმცა მაინც არ მესმის, რატომ უნდა წავიდე. გავიქცე?
ვცდილობდი გამეხსენებინა უცხოეთში წასული ქართველების ბედი,- მიაღწიეს თუ არა მათ სულის სიმშვიდეს, მატერიალურ კეთილდღეობას. ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,- აქედან გაქცევის მიზეზი უმეტესწილად მატერიალური კეთილდღეობის მოპოვების მიზანია. შრომის სურვილი მისასალმებელია და არავითარ შემთხვევაში დასაძრახი. ვიფიქრე, ვიფიქრე და ერთეულები გამახსენდა ჩემს ირგვლივ, ვინც იქ ,,განვითარდა“-ჩვენეული გაგებით. რას გულისხმობს განვითარება? იმ საქმის კეთება, რაც მოგწონს და გიყვარს? შეგიძლიათ მითხრათ მთელი ცხოვრება რისი კეთება გინდათ? რაში გინდათ გახდეთ პროფესიონალი? ქართველი სტუდენტები რომ გამოვკითხოთ , უმრავლესობა იმ კითხავზე, თუ რა დარგში სურს გახდეს პროფესიონალი და თქვას თავისი სიტყვა, ვერ გაგცემთ პასუხს, ან გაგცემთ და მოგატყუებთ.  უცხოეთში სულის სიმშვიდისთვის წასული ხალხის უმრავლსეობა არ ეწევა იმ საქმიანობას, რისი სპეციალისტიცაა. სამსახურს პოულობს, მაგრამ არა იმას, რაც სურს....
რა გველოდება ჩვენ ,,იქ“? მოწესრიგებული საზოგადოება, სუფთა ქუჩები, შეგნებული ხალხი. ვერაფერს იტყვი, მშვენიერია. მაგრამ ეს ყველაფერი სხვისი ხელითა და ძალისხმევითაა აშენებული. ქვეყანა, სადაც მივდივართ, არის სხვისი,- ორ მსოფლიო ომგამოვლილი ქვეყნები. მათი საზოგადოების სისხლითა და ოფლით აშენებული შეგნება და სუფთა ქუჩები. როცა ამ ყველაფერს ვიაზრებ, ვხვდები, რომ ჩვენ უბრალოდ ეგოიზმი და სიზარმაცე გვიტევს. სიძნელეებთან შეჭიდება რთულია, მითუმეტეს მაშინ, როცა ხელს არც ეკონომიკური ფონი და არც შეგნება არ გიწყობს, მაგრამ უბრძოლველად დანებება არ ვიცი, რამდენად გამართლებულია. ნურავინ მეტყვის, რომ იბრძოლა, ვერაფერს მიაღწია და ახლა მიდის... სიცოცხლის ბოლომდე იბრძოლა ექვტიმე თაყაიშვილმა, რომ სამშობლოსთვის განძი და მემკვიდრეობა ჩამოეტანა, ის, რითაც ვამაყობთ,- ჩვენი წარსული შეენახა. სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა ქაქუჩა ჩოლოყაშვილმა, რომ მიწა შეენარჩუნებინა ჩვენთვის. ჩემს წინაპრებს ცოცხლად გააძრეს ტყავი აჭარის მთებში, იმისთვის რომ სამშობლო წაერთმიათ... ნურავინ იტყვის, რომ იბრძოლა და შედეგს ვერ ხედავს.
რატომ გვტკივა ჩვენს სამაჩაბლო და აფხაზეთი? თუ ქვეყნიდან უკანმოუხედავად წასვლას ვაპირებთ... იმიტომ, რომ ჩემი სამშობლოს ნაწილია? რად მინდა სამაჩაბლო და აფხაზეთი, თუ ამ  ქვეყნის მომავალი და ბედი უკვე აღარაფერში მაინტერესებს? ქვეყანა, რომელიც ვერაფერს მაძლევს ღირებულს... დაე ამოვიდეს ანწლი ბაბუაჩემის საფლავზე, იქ, აჭარის მთებში, იმ მიწაზე, რომელიც შემინახა, მაინც არ მინდა ცხოვრება... რაღა საჭიროა ბიჭების დახოცვა ომში, ჩვენი ერთიანობის შესანარჩუნებლად, მიწის შესანარჩუნებლად... მილან კუნდერას ,, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“-ში ერთ- ერთ პერსონაჟი სწორედ ამ მოვლენას აკრიტიკებს. აკრიტიკებს ხალხს, ემიგრანტებს, რომლების გაიქცნენ უცოხეთში და ახლა იქიდან ცდილობენ თითქოს რამის გამოსწორებას, კომფორტულ სავარძლებში მოკალათებულები, პატრიოტიზმს ასწავლიან განადგურებულ ჩეხეში მცხოვრებთ. ადვილია გტკიოდეს შორიდან, იქედან, სადაც მთავარი ბრძოლის ცეცხლი არ შეგხებია. მარტივია თქვა: ,,საქართველო მაინც საქართველოა“,-და ხელი ჩაიქნიო. როგორ მეცოდება ჩემი სამშობლო ამ სიტყვებისთვის. ანუ შენ მაინც ის ხარ, ვინც ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, შენ ისეთივე საქართველო იქნები, როგორიც დატოვე.  ქვეყანა არ არსებობს თავისთავად, ქვეყანას ვქმნით ჩვენ. ქვეყანა არის მისი საზოგადოება, კულტურითა და ღირებულებებით. მაშინ ნუღარ იამაყებთ იმითი, რომ ჩაკრულო კოსმოსშია, ქართული ჩოხით, დიდგორით და ა.შ. საქართველო ხომ საქართველოა და დარჩება საქართველოდ. ამ ლოგიკით, ის ასეთივე ქვეყანა იყო, არის და იქნება, როგორიც ეხლა გვაქვს. შესაბამისად ის,რითიც ვამაყობთ, ამ დაბალი შეგნების ხალხის მიერ არის შექმნილი. თუ არ მეთანხმებით , იმისაც გეტყვით, რომ განვითარება და წინსვლა თავისთავად არ მოდის, მას შრომა სჭირდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ იმ კონდიციას, რომელმაც ის დიდი კულტუარა შექმნა, რითიც ვამაყობთ. და თუ თქვენ ამბობთ, რომ ეს ყველაფერი სულ არ გაინტერესებთ და სულ კარგად ვიყოთ, თქვენ იტყუებით. და მაშინ იტყუებიან ის გაღიმებული უცხოელებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში თუ იმუშავებ, არის ესაძლებლობა იმისა, რომ განვითარდე.
არ ვცდილობ ვინმეში პატრიოტული გრძნობები აღვძრა, ან ვინმეზე უკეთესი გამოვჩნდე. მე უბრალოდ პასუხები მინდა ამ კითხებზე, არგუმენტირებული პასუხები, თუ რატომ არის ,,პროგრესული“ საქართველოდან წასვლა, რა არის სულის ხუთვის მიზეზი, რატომ ნიშნავს ევროპული სუფთა ქუჩიდან გულის ტკივილი სამაჩაბლოზე,- პატრიოტიზმი, რატომ უნდა დავნებდე უბრძოლველად. ვფიქრობ, საზოგადოება, ჩვენ ყველა, ვერ ვიაზრებთ იმ ძალას რასაც ვფლობთ. მგონი დაგვავიწყდა იგავი, რომ ,, ძალა ერთობაში“, რომ საქართველო და ზოგადად ქვეყანა ვართ ჩვენ! არ არსებობს განყენებული , ცალკე ობიექტი ,,საქართველო“, ჩვენ მისი შემადგენელი ნაწილები ვართ. თუ ყველა ერთად გამოვიჩენთ კეთილ ნებას, გვექნება იდეა და სურვილი შევცვალოთ რამე: მოვუსმინოთ ერთამენთს, დავაფასოთ სხვისი აზრი, არ დავყაროთ ქუჩაში ნაგავი, არ მოვჭრათ ხე და ა.შ.  არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვფირობ, რომ ისინი, ვისაც წასვლა გადაუწყვეტია, თავს არ აღიქვამენ ქართული საზოგადოების ნაწილად. თითქოს საზოგადოება არსებობდეს განყენებულად, ქაოტურად მოძრავი ბუზების ჯგუფის მსგავსად და ისინი ცალკე. ვერ იაზრებენ, რომ იმ სუძულვილით, რომლითაც სულის ხუთვაა გამოწვეული,  იმ ბნელი საზოგადოების ნაწილი ხდებიან, ვისგანაც გაქცევა სურთ. შრომისა და დახმარების არ სურვილით ისინიც ბნელი ნაწილის მატარებლები არიან. ამ სიბნელეს კი ვერსად გაექცევი, -შენი წილი ,,ქართული საზოგადოება“ ყველგან გამოგყვება. არა მგონია, რომ შოტლანდიელმა, რომელიც დღეს ინგლისელად იწოდება, თავისი კილტით დააფასოს ადამიანი, რომელიც საკუთარი სამშობლოდან გამოიქცა. და ნურავინ მეტყვის რომ, დღეს ნაციონალიზმი ჩამორჩენილობად ითვლება. მაგალითად რომ ავიღოთ თურქეთი, რომლის მაგალითად წარმოდგენა არ გვაქვს წესად, ჩვენზე განვითარებული ქვეყანაა. არცერთი თურქი არ მოგცემს უფლებას, შეურაცხყო თავისი ქვეყანა, რელიგია, გააფუჭო რამე, დაარღვიო კანონი. ყველა სახლზე სახელმწიფო დროშაა გამოკიდებული.  ამ ადამიანებმა, ნულიდან ააშენეს თავიანთი დაქცეული ქვეყანა, იშრომეს და დღეს კარგ კონდიციამდე მივიდნენ. მათ უყვართ თავიანთი სამშობლო და დღესაც, როცა იქ მოვლენები ,,ცუდად“ ვითარდება, არავინ ცდილობს გაიქცეს ქვეყნიდან, სადაც ,,ვერ უგებენ“ ,,ებრძვიან“, დისკომფორტს უქმნიან. ისინი იბრძვიან უკეთესი მომავლისთვის.  საქართველოს გარდა ქართველები ყველგან ვიქნებით სტუმრები.
ხალხს რომ თავი დავანებოთ, მიწა-წყალს და წარსულს,- არის რაღაც ცხოველი, მოაზროვნე და გრძნობებით სავსე, რომლის აქ დატოვება მოგვიწევს, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი უძლურია,-ჩვენი მშობლები. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ უცხოეთში და იქიდან  მატერიალურად უზრუნველყოთ ეს ძვირფასი ადამიანები. ზრუნვა და სიყვარულის გამოხატვა ახლა მწვანე ფურცლებითაც შესაძლებელია. რატომ გვგონია ასე?  რატომ გადავიდა უკანა პლანზე გულითადი ურთიერთობები, სითბოს გაზიარება და ზრუნვა. რატომ გახდა ის ასე შაბლონური. ყველა დავბერდებით. სიბერეს კი ათასგვარი დაავადება მოსდევს. ზრუნვა თუ გაძღომით შემოიფარგლება, მაშინ ახლავე ჩავაბაროთ ჩვენი ახლობლები მოხუცთა თავშესაფარში, გადავიხადოთ ფული ყოველ თვე... მათი მიტოვება ზუსტად ამას გულისხმობს.
მაინტერესებს პასუხები ამ კითხვაზე. არ ვცდილობ ნამუსზე შევაგდო ვინმე, უკეთეს მოქალაქედ ან პატრიოტად გამოვჩნდე. გული მწყდება, როცა აქედან სამუდამოდ წასვლაზე სახეგაბადრული საუბრობს ადამიანი. მე მათში პესიმიზმს ვხედავ. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს მარტო ვრჩებოდე. ვფიქობ, ადამიანს არ გააჩნია ძალა,  გონებიდან ამოირეცხოს ყველაფერი რაც უყვარდა და ახსოვს. ადამიანს არ შეუძლია ცხოვროს ნოსტალგიის განცდით  მუდმივად. ფილმი ,, ფესვები“ ყველას გვაქვს ნანახი. მამაჩემი სახე მახსენდება რომელიც, თავის სოფლის სახლზე ბავშვივით ანთებული თვალებით საუბრობს.


Sunday, January 18, 2015

ME AS MARQUEZ

სიესტა იდგა.
ლოგინზე იწვა, მარტო. თუმცა სახლში ის და ხორხე იმყოფებოდნენ.
გახურებული ქვეშაგები სასიამოვნო სიგრილეს არ გვრიდა, როგორც მათ სჩვევია. იწვა და ფიქრობდა. მისჩერებოდა ყვითლად შეღებილ კედლებს, ჭერს, ღია ფანჯრებს.
 ამ დროს ეგონა, რომ თვალები უმრგვალდებოდა იდეალური წრედივით.
საქმე გამქრალიყო.
ოთახში საკრალური მოლოდინის სიცხე ჩამოწვა.
მზე კვერცხისგულისფერი იყო. ფიქრმა გაუელვა.
ახლა, რომ წამომხტარიყო და მეექვსე სართულიდან ესკუპა, იმ ასფალტზე კი არ დაილეწავდა ყველა ძვალს, რომელზეც ყოველ დღე დადიოდა, შუადღის მზის შუქში,- მოლოდინების საკრალურობაში დაინთქმებოდა. აზრმა აღაფრთოვანა! ცხოველად იგრძნო სევდანარევი ეიფორია. როცა გაქცევა გინდა, იქ სადაც არავინ გელოდება, ვერავის იპოვი, სადაც იმედი გაგიცრუვდება.
დაღლილად მინაბა თვალები. გუგები ეწვოდა.
ოთახში ხორხე შემოვიდა.
ხორხე თეთრი კატა იყო.
სახლში ორნი იყვნენ.
ხორხეს გადახედა და გაეღიმა.
ხორხე ყველაზე თეთრი კატა იყო ამქვეყნად.
ქუჩა თავის ყოველდღიურობაში იხრჩობოდა, ბღაოდა. ის წამს ვერასოდეს აჩრებს,- იმ მოხუცივითაა, ვერაფერს რომ იმახსოვრებს და ყოველი მომენტი რომ აღაფრთოვანებს.
ფანჯრიდან მხოლოდ სახურავები და ცა ჩანდა. სახურავები უამრავი კოშკურითა და გაჩაჩხული ანტენით. ყოველთვის იზიდავდა ეს დაქანებული ზედაპირები მაღლა, ცასთან. მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლესთან მწყრალად იყო, თვლიდა,  რომ სახურავები სულ სხვაა. კარლსონის პოვნაზე არც კი ფიქრობდა.

სიესტის დადგომასთან ერთად დღის მარტოობასაც იზიარებდა. სიცხესთან ერთად. თითის ბალიშები უოფლიანდებოდა, ყველა უჯრედი უდუღდა. სულ მარტო იყო. ხორხესთან ერთად.

Sunday, November 9, 2014

,,მე ლონდონში ვსწავლობდი“

...დღეს მომხდარი ფაქტით დავიწყებ. დამღლელი და სრულიად მჯდომარე 2 კვირის შემდეგ (მანქანა-ოფისი, მანქანა-სახლი) უმოძრაობით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩებისთვის ფეხით შეგვეტია ( მე და დედა ). აქ არც ისე განებივრებულები ვართ გემოვნებიანი ტანისამოსის არჩევანით, ამიტომ, მაღაზიებში სიარული თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს; ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა და ამ შრომატევად საქმიანობას მივყეთ ხელი. ერთი, ორი, სამი  და.. ერთ ერთ მაღაზიაში, რომლის ,,მმართველი“  შუახნის ,,შუახნურად“ ჩაცმული ქალბატონი ბრძანდებოდა (სხვაგვარად მისი აღწერა უბრალოდ შეუძლებელია), ზოლიანი შარვლით ინსპირირებულმა ისე, სხვათაშორის ვიკითხე: ეს ვინტაჟის მაღაზია ხომ არ არის მეთქი?... და აქ დაიწყო, რაც დაიწყო:... თავისი წარმომავლობითა და საფრანგეთში განვლილი ცხოვრებით ჩემი შეურაცხყოფა: ის, რომ საბურთალოზე ცხოვრობს და ეს უმაღლესი ხარისხის ტანისამოსია და რომ ვინტაჟი,  სადაც ვცხოვრობ, იქ მისწავლია (კონკრეტულად ამ სიტყვას ერჩოდა) , რომ არც კი გაუგია ეგ რა არის, ლონდონში, თუ, ბრიტანეთში, თუ საიდანაც ვარ მოთრეული და იქ რას ამბობენ, არ იცის, არც აინტერესებს... ისევ მეორე წრეზე: რომ საბურთალოზე ცხოვრობს და 4 წელი კი საფრანგეთში უცხოვრია და.. მოკლედ ვინტაჟი თქვენსკენ მოიკითხეთო. მე მივხვდი, რომ ახსნა-განმარტებას აზრი არ ჰქონდა: რომ ვინტაჟი ცუდი სიტყვა არ არის და საერთოდაც ეს უფრო კარგს ნიშნავს ვიდრე ცუდს... მოკლედ, გაოცებული და ცოტა შეცბუნებულ-გაბრაზებული გამოვედი მაღაზიიდან.
საერთოდ, გაბრაზებული რომ ხარ, თვალში რატომღაც სულ ცუდი მოვლენები გხვდება და ყურშიც ასევე ,,ჩემიდედები“ ისმის ირგვლივმყოფთაგან.  მივიხედ-მოვიხედე ქუჩაში და დავინახე იქვე, ,,ფეიბოქსთან“ საკუთარი ზინზლიანი ნარჩენები როგორ მიყარა ქალბატონმა, მძღოლები ჯიუტად რომ არ უთმობდნენ გზას არც ფეხით მოსიარულეს, არც ერთმანეთს, მამა ასეირნებს შვილს და თან ტელეფონზე იგინება და რაც ყველაზე მთავარია: ,, არა გოგო აქ რა უნდა, ეგ დიდიხანია (რომელიღაც ევროპულ ქალაქში) ცხოვრობს“- ამაყად აცხადებს ქალბატონი.
და გამახსენდა.... გამახსენდა, რომ შუახნის მაღაზიის მფლობელს ჩემთთვის შეურაცხყოფის მოყენება თავისი წარომავლობით სურდა, რომ მე წესით უნდა შემრცხვეს იმისი, რომ ბათუმელი ვარ, რომ  მას ჰგონია მაგრად ,,მიმალანძღა“, რაკი საბურთალო და საფრანგეთი მიხსენა, ასევე გამახენდა, რომ ეს თემა გახუნდა, მაგრამ ყოველ აღდგომაზე და ყველა ფეხის ნაბიჯზე მაინც თავს გვახსენებს და არც არაფერი შველის. გამახსენდა და გული დამწყდა. ქუჩაში ნაგვის დაყრის პრობლემაც ამ ბედს იზიარებს.
მსგავსი მონოლოგი ხშირად მომისმენია. საამაყო რომ არის წარმომავლობა, ამას კიდევ არაუშავს, ეს  შეურაცხყოფის მიყენების მასალა გახდა. შეურაცხყოფას რომ თავი დავანებოთ, საიდან ამხელა სიძულვილი? ეს ქალბატონი არის ერთ-ერთი. ქუჩაში რომ დადიხარ გხვდება ბოღმით დატენილი ადამიანები, რომლებიც მზად არიან იმითაც კი მოგაყენონ შეურაცხყოფა ან დაგაკნინონ, თუ რა ფირმის კაფელი აქვს აკრული აბაზანაში.
მინდა ამ პრობლემას სხვა კუთხიდან შევხედო. საცხოვრებელი ადგილით თავის გამოჩენა არაა უცხო მთელი მსოფლიოსთვის, ალბათ დამეთანხმებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ეს პრესტიჟული ადგილმდებარეობით, უკეთესი ხედით ან რაიმე მსგავსით არაა გამოწვეული. ჩვენ განვითარების ერთ ადგილას აკუმულირების პრობლემა გვაქვს.
საქართველო პატარა ქვეყანაა, ღამის მატარებელიც (თბილისი-მახინჯაური და პირიქით) კი გააუქმეს იმ მიზეზით, რომ მანძილი დიდი არ არის და საჭრიოებას არ აწარმოადგენს. ასე, რომ არამგონია  სირთულეს წარმოადგენდეს სიახლეების სხვადასხვა რეგიონშიც დანერგვა, გარდა თბილისისა. გასაგებია რომ თბილისი დედაქალაქია, გასაგებია რომ ჯერ ყველა სიახლეს იქ უსინჯავენ გემოს, მაგრამ სიახლე ადგილს აღარ იცვლის. ის რჩება დედაქალაქში. შესაბამისად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ირაზმება ხალხი და ავსებს დედაქალაქის სარდაფებსაც კი, რომ როგორმე მსოფლიოს პულსის ფეთქვა იგრძნოს.  ეს უდაბნოში ოაზისის არსებობას ჰგავს, რაც ჩემი აზრით არც ისე კარგი ფაქტია. ბათუმში ვინც ვცხოვრობთ, ცოტა გაგვიმართლა სხვა ქალაქებთან შედარებით. იგივე ტანსაცმელი რომ ავიღოთ, სხვადასხვა დაწესებულება, მაკდონალდსი რომ მაკდონალდსია, ისიც 2 თუ 3 წელია რაც გაიხსნა ბათუმში, ზესტაფონში საერთოდ თუ არსებობს, არ ვიცი, ღონისძიებები მხოლოდ ახალწელზე ტარდება რეგიონებში, ყველა არასაახალწლო კონცერტი, საღამო, ღონისძიება იმართება თბილისში. ვინმე მაინც რომ იყოს დაინტერესებული რეგიონალური განვითარებით, არც თბილისი აივსება ,,მილიონი“ მანქანით, არც ტუბერკულიოზი გაუჩნდება ხალხს ნაქირავებ სარდაფებში, არც საბურთალოზე ცხოვრება იქნება შეურაცხყოფის მიყენების ინსტრუმენტი. ხვადასხვა ღონისძიებების მაძიებელნი ჩვენი ქვეყნის ქალაქებში დავიწყებთ სიარულს და გავეცნობით მათ, ახალგაზრდობა დარჩება რეგიონებში და ეს ფაქტი ქვეყანას ბევრ  სიკეთეს მოუტანს.

P.S. მადლობა იმ ქალბატონს, რომ ჩემი მუზა გახდა.

Sunday, September 14, 2014

ჰოგვარტსი და მტრედის ფოსტა

ოცდამეერთე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოპეაა და გამომდინარე აქედან, მე, ჩემს ირგვლივ ყველას და საერთოდაც მთელ კაცობრიობას ყოველდღე გვიწევს შეხება ამ ტექნოლოგიებთან. მათი დახმარებით ვაგვარებთ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ,- პირად საკითხებს: იქნება ეს პირადი წერილი, ოფიციალური შეტყობინება, საბუთების მიღება და გაგზავნა... ა.შ.
სულ ახლახან დავამთავრე ეუნივერსიტეტი. ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული, ამიტომ ზოგი სერთიფიკატი დღემდე არ მიმიღია და მათ მოლოდინში ვარ. რაც დედაქალაქიდან ჩამოვედი, უკვე მეორედ მომიწია ჩასვლა იქ, ფარატინა ფურცლის გამო. და ასე ხდება მუდმივად... ახლაც ჩემს სახელზე გამოგზავნეს კონვერტი უნივერსიტეტში, რომელიც რომელიღაც პროგრამაში ჩართვის საშუალებას მაძლევს და ველოდები ასევე ერთ-ერთ სერთიფიკატს. რეალური დილემის წინაშე დავდექი: რა ვქნა, ჩავიდე თბილისში გვიან და პროექტში მოხვედრის შანსის შემცირების მიუხედავად ერთად წამოვიღო ორივე მოწმობა, თუ დავხარჯო დრო და თანხა იმისთვის, რომ ჩემთვის კუთვნილი მზა მოწმობა წამოვიღო.
ციფრული ტექნოლოგიები იმიტომ ვახსენე, რომ ხაზი გამესვა, რამდენად განვითარებულია მსოფლიო და რა სამარცხვინოა, როცა პირადად გიწევს კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა და გზავნილის მიღება  6 საათის სავალზე, მაშინ, როცა დრო რეალურად ფულია და ადგილზე უმარავი საქმე გელოდება. მგონი კომპიუტერის გამოგონებამდე არსებობდა ფოსტა, რომელიც საქართველოში აშკარად სიმბოლურ სახეს ატარებს, ფასი კი არანორმალურად დიდი აქვს ისეთი პატარა მასშტაბების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. თუ ფასიანი ფოსტის გამოყენება ეძვირება განათლების სამინისტროს ან სხვა საჯარო დაწესეუბულებებს, არსებობს ელექტორნული ფოსტა , პრინტერი, სკანერი, ფაქსი და სხვა მრავალი საშუალება, რათა მანძილის მიუხედავად დროის მოკლე ინტერვალში მიეწოდოს ადამიანს ინფორმაცია და ფარატინა ქაღალდი.
ალბათ, რიგი ადმაიანები იფიქრებენ, რომ ჩემი ესოდენ კრიტიკული ტონი იმით არის გამოწვეული, რომ სადმე წასვლა მეზარება. თუმცა მე სხვა არუგმენტებიც მაქვს. დღეს ბვერი ქართველი ახალგაზრდა ცდილობს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ისინი ელექტრონულად აგზავნიან საბუთებს უცხოეთის უნივერსიტეტებში და მათ ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ასევე მიღების შესახებ ინფორმაციასაც ელექტრონულად, სკანირებული დოკუმეტით იღებენ, ან ფოსტით. ალბათ ის ქვეყნებიც რომ საქართველოს მოდელით მუშაობდნენ, ცოდნის გამდიდრების მსურველთ,  აქედან წასვლა ნაკლებად მოუნდებოდათ, რადგან დამადასტურებელი საბუთისათვის ევროების გადახდა მოუწევდათ (პლუს წაიმოგზაურებდნენ ). და კიდევ ერთიც, თუ ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას და მათ შორის მთელ რიგ ინსტიტუტებს, გამოდის არც მე მაქვს ზედმეტი 50 ლარი (ეს მინიმუმუა თუ საქართველოს რკინიგზის მეშვეობით ცოტა ,,კომფორტულად“ გსურთ მგზავრობა და თან იაფად) რომ 6 საათის სავალზე წავიდე ფარატინა ქაღალდისთვის დედაქალაქში, როცა იქ სადაც ვიმყოფები თავზე საყრელად მაქვს საქმე. 

Friday, August 8, 2014

სოციალური ასოციალურობისთვის

ინტერნეტსივრცეში გამოჩენისა და მისი ,,გადატრიალების“ დღიდან ,,ფეისბუქის“ შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა და  დასკვნა დაიდო. ,,ფეისბუქმა“ მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი. მილიარდობით ადამიანს, ჯერ დაუბადებელ ბავშვებს, კატებს, ძაღლებს და ყველას, ვინც ამქვეყნად რამედ ღირს, მოუყარა თავი. მავანნი დღემდე საუბრობენ მისი ავ-კარგიანობის შესახებ. რომ მას ბევრი დრო მიაქვს, რომ მისი საშუალებით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ და  მათ შორის გავცემთ კიდეც. ,,შპიონაჟშიც“ კი დასდეს ბრალი.
მოკლედ, დასკვნათა ერთობლიობას ჩემეული შეხედულებაც მინდა დავამატო.
ზემოთხსენებული სოციალური ქსელის მომხმარებელი პირადად მე 2010 წელს გავხდი. დღეს ვხვდები, რომ ფეისბუქი არის ადგილი, სადაც სოციალური არსებები, ანუ ჩვენ, ვეძებთ თანამოაზრეებს; მათ, ვინც დაინტერესდება, თუ რა გვკტივა, რა გვაწუხებს, რა გვიხარია, რა ვჭამეთ, რა ჩავიცვით, სად ვიყავით, რატომ ვართ ,,კარგები“, ზოგადად რა შეხედულებები გვაქვს და ა.შ. რატომ არ შეიძლება ეს ყველაფერი პირად ურთიერთობებში გავავრცელოთ? ხომ გვაყვს მეგობრები, ახლობლები, ,,სოულმეითები“ და ა.შ. ?? იმიტომ, რომ ისინი არ არსებობენ მგონი...  რაც უფრო მეტად უსაქმური ან ,,საქმური“ ხარ, მით უფრო ნაკლები მეგობარი გყავს. ყველა საკუთარი საქმითაა დაკავებული. ზოგი ასწრებს ისწავლოს სანამ, გათხოვდება/დაქორწინდება, სანამ სანუკვარ სამუშაო ადგილში სხვა შეეცილება, რომ ჯარში არ წაიყვანონ, მუშაობს, ოჯახი ჰყავს, ბავშვს ზრდის, სერიალებითვის სცალია და რაც ყველაზე მთავარია, ფეისბუქითაა დაკავებული. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე მგონია, რომ ჩვენ, ადამიანები, დავრჩით მარტო. არავინ გვყავს, ვისაც გავაკვირვებთ, დავაინტერესებთ.  მე მგონია, რომ საქართველოში ალბათ განსაკუთრებით დაბალი პროცენტია სოციალური ნდობისა, ღიმილისა და დადებითი ემოციებისა. ჩვენ არ ვენდობით ადამიანს, რომელიც პირისპირ გვიდგას, მაგრამ ჩვენს გრძნობებს ვანდობთ 500 + კაცს ერთად და რატომღაც ბოლომდე ვართ დარწმუნებული, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენც ბევრი ვიცით მათ შესახებ და საერთოდაც, ყველა ,,ერთ ქვაბში ვცურავთ“ და ფეისბუქზე ეს ,,მოსული“ ამბავია.
რეალურად, ფეისბუქი ხომ იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებმა გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ. ის, რაც რელურ ცხოვრებაში ჭირს, სოცილური ქსელის საშუალებით მოახერხონ; სახელიც აქედან მოდის- ,,სოციალური“. მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანები უფრო მარტოსულები გახდნენ. ყველა შეეფარა ,,ფეისბუქს“ და უფრო დაშორდა ერთმანეთს.  აქ ჩვენ კიდევ უფრო არ ვაქცევთ ერთმანეთის გრძნობებს ყურადღებას, აქ უფრო მეტად დავემალეთ ერთმანეთს, უფრო გართულდა ურთიერთობები. გამოხედვას, შეხებას და სიტყვებს, ლაიქები, შეარები და კომენტარები დაემატა, რამაც უფრო ჩახლართული გახადა ბრძოლა სულის ნაწილისთვის.
როცა თავს ცუდად ვგრძნობთ, პირველი რას ვაკეთებთ? ვრეკვათ მეგობართან? შეყვარებულთან? დედასთან? მამასთან? ძმასთან? არა! ფეისბუქზე ვდებთ სტატუსს : ,,ფილინგ სედ“, ან ,,დისთროიდ“, ან, ან და ა.შ. იმიტომ რომ გვსიმოვნებს ფართო სცენაზე გამოტანილი ჩვენი ცხოვრება, სელებრითობა. პლუს ამას, ზოგიერთი მარტოსულია და ეძებს ვინმეს, ვინც შეიძლება ზრდილობის ხათრით, ან მივიწყებული მეგობრობის ხათრით ჰკითხავს: რა ხდებაა???? და მასაც გაუხარდება, რომ მსოფლიოში მარტო არ არის. ასევე, მეგობრებიც ერთმანეთის სულიერი მდგომარეობის შესახებ იგებენ სტატუსებით. ამაში გამოიხატება, მე თუ მკითხავთ, ,,ფეიბუქის“ სიკეთენი.
მეორე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად, ჩვენ ასობით ადამიანს ვაცნობთ ჩვენს თავს.  ეს არ გამოიხატება იმაში, რომ ვდებთ ახალი სამოსის სურათებს, იმას, თუ სად ვართ, რას ვჭამთ .. მოკლედ, სია გრძელია და არ ჩამოვთვლი.  ხანდახან ისეთ სტატუსებს გამოგვტყუებს ხოლმე ეს ცისფერი სივრცე, რომ ძაალიან ადვილია გაიგო, თუ როგორ შინაგან სამყაროს ატარებს ესა თუ ის ადამიანი: რასისტია, ჰომოფობია, მელანქოლიკია, სანგვინიკია.. მოკლედ ვინც არის. ბოლოს ისე გამოდის, რომ სხვებმა შენზე უკეთ იციან, ვინ ხარ და რაც ხარ. როცა ამაზე ვფიქრობ, სულაც არ მომწონს ეს ამბავი. იმიტომ რომ, მგონი, ამით უფრო უინტერესოები ვხდებით.  და ალბათ მალე რამე ახლის მოგონება მოგვიწევს, რომ ჩვენ, სოციალურ არსებებს, ეს სოციალურობა და ინტერესი ერთმანეთის მიმართ არ გაგვიქრეს. იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამისაა სულის სიშიშვლესთან ერთად სხეულის შიშვლით მოვიზიდოთ ადამიანები ირგვლივ.

ისე გამომივიდა, რომ თითქოს ფეისბუქი ცუდია. პირიქით, მეც ძალიან მიყვარს ის. მართლა უამრავ ინფორმაციას ვიღებ, თუნდაც მათზე, ვინც მაინტერესებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მისი ბოროტად გამოყენება ურთიერთობებს კლავს... გვაფიქრებინებს, რომ მეგობარი, რომელიც გვერდით გვიზის, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი 500+ კონტაქტი.

Sunday, July 6, 2014

შინ დაბრუნების დროა

მომენტი, როცა ყველაფერი იცვლება ერთგვარი გაურკვევლობის, მოლოდინებისა და იმედების ნაკრებია. ზოგადად ყველანი ყოველდღიურად განვიცდით ცვილებებს,  თუმცა ამას ვერ ვამჩნევთ, ისევე, როგორც დედა ვერ ამჩნევს, როგორ იზრდება შვილი თვალსა და ხელს შუა. გადის დრო და ის უკვე ზრდარულია... თუმცა არის დროება, როცა ცვლილებების ქარს გუმანით გრძნობ. მაშინ ცვლილებებს ან ახორციელებ, ან იძუელბული ხარ განახორციელო...
ყოველთვის მაინტერესებდა, რას განიცდიან ადამიანები, რომელბიც სხვა ქალაქში, ქვეყანაში, კონტინენტზე გადადიან საცხოვრებლად. ბავშვი რომ ვიყავი, ყველა ადგილს თავისუფლად ვეჩვეოდი და ამას არც კი ვიაზრებდი. როცა ასაკი გემატება, ყველაფერზე იწყებ ფიქრს. რა ,,სამძიმო“ ყოფილა. იცი, რაა გადამდები დაავადება, ბაქტერია. ის, რომ ხეს რომ მიეყრდნო , ბალახზე რომ დაჯდე, პანდუსზე რომ შარვლით ჩამოსრიალდე,- დაისვრები და ტანსაცმელი გაფუჭდება. ადრე ეს არ გადარდებდა.

რამოდენიმე დღის წინ უნივერსიტეტი დავამთავრე. სწავლას ჯერ არ ვაგრძელებ, რადგან ბოლოს განათლებას, ჩემივე სურვილით, თვითონ ვიფინანსებ და მომავალშიც ამას ვაპირებ. ჯერ კი სტაბილური სამსახური არ მაქვს. საცხოვრებელ ადგილს ვიცვლი. არა, ამას ტრაგედიად არ განვიხილავ, პირიქით, მიყვარს ჩემი ბათუმი. მეამაყება კიდევაც, რომ მე მას ვუბრუნდები. ვბრუნდები დაცლილ ქალაქში,- აქ არ არიან ჩემი უახლოესი მეგობრები. მე ვტოვებ ქალაქს, რომელიც სავსეა იმ მოვლენებით, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში შევაგროვე და შევიყვარე. დედაქალაქში 17 წლისა ჩამოვედი. აქ გავიზარდე და გავხდი ის, ვინც ვარ. შევიძინე ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იქნებიან რეალურადაც და მოგონებებშიც. ეს არ იყო მარტო განათლების მიღება, ეს იყო ცხოვერების სკოლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთან ერთად წამოვა და დარჩება სულ. უბრალოდ, ვაცნობიერებ, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავარ და ეს ადრენალინის შეგრძნებას იწვევს. მეამაყება, რომ მოძრაობის სურვილი არ დამიაკრგავს, არ მეშინია. ან რისი უნდა მეშინოდეს?იცით ეს რა გავს? აქაფებულ ტალღაში რომ შეხტები და არ იცი საით წაგიღებს და წაგაკოტრიალებს. თუმცა ნაპირზე აუცილებლად გამოგრიყავს. მკვდარს თუ ცოცხალს, ეს უკვე შენზეა დამოკიდებული. და მე მზად ვარ. შევცურავ და ნაპირზე აუცილებლად ცოცხალი დავბრუნდები.

Friday, June 6, 2014

მან შექმნა მარადისობა

დავინახე კაცი. შუადღის ხვატში. ქუჩაზე, სადაც ყველა სხვა სამყაროში მიქროდა, ალაგ-ალაგ მუსიკის ჰანგები იფანტებოდა. სადაც არ იგრძნობოდა ერთიანობა. აქ თვალებში ერთი ჩახედვით წუთით უცნობი ადმაიანის ცხოვრებაში შედიხარ და იქ ყველაზე ნამდვილს ხედავ. მას ხედავ.
მე დავინახე კაცი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე ლამაზად ეწეოდა სიგარეტს... 80 წლამდე ასაკის კაცი, რომელიც ეწეოდა ბიჭურად. მასში არ მომკვდარიყო ახალგაზრდობა! ეწეოდა ისე, როგორც არავინ ამქვეყნად. დაკლაკნილი ტუჩებით, დიდი სათვალით და პიჯაკით.  არა სხვა სამყაროში არამედ იქ, იმ მომენტში, იმ ადგილას. მან შექმნა მარადისობა.
თუ ქუჩაში ოდესმე დაკვირვებიხართ მათ, ვისაც ვერავინ ამჩნევს, მათ, ვინც გაზეთის ჯიხურს ათვალიერებს, გაჩერებასთან სხედან, გემრიელად ეწევიან, ისე როგორც არავინ ამქვეყნად. მაშინ დამიჯერებთ რომ მარადისობის შემოქმედი ვიხილე.

მე დავინახე ბიჭი. პატარა ბიჭი, მზით გარუჯული წვრილი წვივებით. 5-6 წლის. თავისუფალი. უკვე დიდი კაცი. რას აკეთებს იგი აქ , სადაც არავინ ამჩნევს, არავის აინტერესებს, თუ სად გაიქცევიან მისი გამხდარი ფეხები. ალბათ დის გამონაცვალი ნარინჯისფერი პატარა ზომის ფლოსტები აცია, მარტო თითებზე რომ აქვს წამოცმული. მეგობარს დაემშვიდობა და მისი წვივები გაზეთების ჯიხურს მიღმა გაუჩინარდა. გაიქცა უსასრულობაში. იქ სადაც არ არის სკოლა, მშობელი, იქ სადაც პატარა ბიჭები დიდი კაცებივით ცხოვრობენ... 

Monday, May 19, 2014

არის თუ არა ,,პადზემკის“ ბოლოს სინათლე?

რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრის ბოლო წელს ითვლი, ხვალ სამახურში ხარ წაასვლელი, რაღაც სულელური საქმე გაქვს დასამთავრებელი თავისუფალ დღეს,  თუ უბრალოდ ერთი ადამიანი ხარ, ვინც ახალგაღვიძებული ფიქრობს... ფიქრობ დღეს რას გააკეთებ, რა განიცდი, ზოგადად დღესაც ხომ განცდებს აფუძნებ და ისე წარმართავ მას. ფიქრობ მომავალზე. ეს უკანაკნელი ჩვენს რეალობაში (მხოლოდ საქართველოს არ ვიგულისხმებ) ბუნდოვნად ჟღერს და არც ისე იმედიანად გვესახება. თუმცა ...
თუმცა, არ გვეფიქრება იმაზე თუ რა ხდება ირგვლივ. არ გვეფიქრება იმაზე, რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლება, არ გვეფიქრება, იმაზე, რომ გაქცევა გამოსავალი არ არის. მომავალზე ფიქრი უფრო მარტივია, იმაზე რაც ჯერ კიდევ არ დამდგარა, რასაც ამწუთას ფანტაზიით ქმნი და როცა სულ არის ,,ხვალ“. ,,ხვალ“ ხომ მომავალია, ხვალის ხვალაც მომავალი იქნება და საბოლოოდ არასოდეს დგება ,,დღეს“, რომელიც გეტყვის: ჰეი, ჰეიი მე ის მომავალი ვარ. მე თუ მკითხავთ, მომავალი დგება ჩვენს წინაშე ყოველ დღე, უბრალოდ სახელს არ ვარქმევთ. იმას ვამბობდი, რომ დღეს, ახლა, და  (უმრავლესობისათვის არასასიამოვნო),,დღეისა“ და ,,ახლას“ შეცვლა თავში არავის მოსდის.
გუშინ ქუჩაში მივსეინრობდით ორი სტუდენტი, ვსაუბრობდით ამოყრილ ფილებზე,- რომ არავინ აქცევს მათ ყურადღებას. საუბარი იქამდე მივიდა, დავაფიქსირე, რომ   ,,დღესზე“ ყველას ხელი აქვს ჩაქნეული, მათ შორის ჩემს თანამგზავრსაც. ყველა აქცენტს ,,ხვალზე“ აკეთებს. იმაზეც ვიფიქრე, ეს ხომ ადამიანის თვისებაა,- გადადოს ხვალითვის ის, რისი გაკეთებაც ახლა შეუძლია. თუმცა, ბევრმა მაგალითმა დამიმტკიცა, რომ აქ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.
ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩემს რიგს ველოდებოდი. იქ მუდმივად მდებარე მოწყალების მთხოვნელმა შემოგვიხედა და  ,,მექსეროქსე“ ქალს ამბავი გამოჰკითხა, სკამიც აიღო,- თურმე ამასთან რომ ინახავდა. ის არ გამკვირვებია, რომ ამ პატარა მიწისქვეშა სოციუმში ერთმანეთთან ასე მჭიდრო კავშირი აქვთ განურჩევლად კანის ფერისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა. დიდი ხანია გამიქრა ილუზია, რომ მოწყალების მთხოვნელი ვიღაც გაუბედურებული ადამიანია, რომელიც თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობს. ბევრი მათგანი ვიხილე ძვირფასი ტელეფონებით, ფუფუნების საგნებით და ა.შ. ამ საკითხს სხვა კუთხით შევხედე.  თუმცა ეხლა ამაში არაა საქმე. ახლა იმასაც ვფიქრობ, რომ სულაც არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ისინი სხვა პლანეტიდან არიან, შეიძლება სხვა წრიდან, მაგრამ არა სხვა პლანეტიდან. ისინი ჩვენი რეალობაა. სხვა რამის თქმა მინდა.. იმ დროს როცა მე სკამის აღებ -მიცემობის აქტს ვუყურებდი, გარეთ ამ მოწყალების მთხოვნელის თანაშემწე გოგონა ვერ აჩუმებდა ატირებულ ბავშვს. გამეტებით ჩრიდა პირში საწოვარას და ანჯღრევდა. გამვლელები აივლიდნენ, ჩაივლიდნენ, ალბათ ვერც კი ამჩნევდნენ (ძნელი იყო ვერ შეგემჩნია-გაგეგონა) ან ამჩნევდნენ, მაგრამ იმდენად ბუნებრივია ეს ყველაფერი დღეს რომ... რა სალაპარაკოა უკვე. ჩემი აზრით, მიზეზი მარტო ის არ, არის რომ ეს ყოველდღიურობა გახდა: ხედავდე ჩვილ უმწეო ბავშვს, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის, სრულ ანტისანიტარიაში, ადამიანის ხელში, რომელიც ამ ბავშვს თავისი მიზნებისთვის იყენებს. საზოგადოებაში არავინ ფიქრობს, რომ ამ ადმაიანების ბედის შეცვლა შეიძლება. ამ სურათს რომ ვუყურებდი, გამიელვა ფიქრმა: 1. ხომ არსებობს სამინისტრო, რომელიც არეგულირებს სოციალურ დაცვას. ნუთუ იქ მომუშავე არცერთი პირი არ დადის ფეხით, ერთხელაც არ გამოჩენილა აქ (ვაკეში, ,,გუდვილთან“), არ ხედავს ქუჩაში დაყრილ ბავშვებს. ეს შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისინი ყველგან არიან  და 2: როგორ ფიქრობენ, მარტო ხელფასის მიღებაა საქმე? მათ არ აკისრიათ ვალი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე??  საკვირველია იყო ადამიანი, რომელიც იღებს უშუალო მონაწილეობას ქვეყნის ბედის განსაზღვრასთან და არ აკეთებდე ყველაზე აუცილებელს: არ იღებდე მონაწილეობას საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის ფორმირებაში. 2.ვფიქრობ, ხალხი, რომელიც ხედავს ფაქტს: როგორ ,,ამოწერა“ შესაბამისმა ორგანოებმა სოციალურად დაუცველები მომსახურების სიიდან და  საზოგადოებამ ავტომატურად გააქრო ისინი საკუთარი რეალობიდან. ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, ეს ხომ ისედაც ვიცით და ისიც ვიცით, რომ არაფერი გამოვაო. აი, ეს ბოლო ფრაზაა ზუსტად იმის მაჩვენებლი, რომ არავინ იცის, რა ძალა აქვს საზოგადოებას, არ იაზრებს რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ცალკეული ადამიანების ბედის გადაწყვეტა, მათი გადარჩენა. ,,პარტიზანმა მებაღეებმა“ ვერ შეძლეს ვაკის პარკში ხეების დაცვა? საყდრისი, ყაჩაღიანი? ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მთავარია დავფიქრდეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც მოგვარებას საჭიროებენ, გავიაზროთ რომ ისიც ჩვენი საზოგადოების პრობლემაა და ,, მაცალე, ჩემი გამჭირვებია“ს პოზიციიდან არ გავექცეთ ამ თემას.
რეპლიკა #2: ,, აქ რა გამაჩერებს, მალე წავიდე ჯობია.“ ეს კონკრეტული ფრაზა არის კიდევ ერთი დასტური, თუ როგორი მონდომებით ვცდილობთ გავექცეთ ჩვენს რეალობას და პასუხისმსგებლობებს საზოგადოების წინაშე. თითქოს ,,იქ“ არ დაგვხდებიან იქაური მოწყალების მთხოვნელები. თუმცა ისინი ხომ ,,იქაურები“ არიან, თან შენი თავისთვის ვერ მიგიხედავს, ეხლა ეგენიღა გაკლია; თან შენ რომ იმ სოციუმის წევრი არ ხარ და ჰაერში გამოკიდებული ვინმე ხარ, რომელსაც არ გაკისრია ვალდებულებები. თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენი ,,ჩვენ“ არსად არ მიდის. სადღაც გაქცევის შემდეგ, ის ჩვენთან ერთად რჩება. კითხვის დასმა, თუ რატომ გვაშინებს პრობლემის წინშე დადგომა თავიდანვე უაზროა. ეს პრობლემაც არაა, უფრო სურვილი და საქმის გაკეთებაა, იმისთვის, რომ უკეთესები გავხდეთ, გავაჯანსაღოთ ჩვენივე საზოგადოება. პასუხი ერთია: იმიტომ, რომ დიდი ხანია თითქოს რაღაცეებმა და ვიღაცეებმა დაგვიმტკიცეს, რომ ჩვენ ამის ძალა არ შეგვწევს, დავმარცხდებით. პრობლემების მოგვარების ერთადერთ გზად მივიჩნევთ ვთქვათ: ,,ჩვენ რა მოსატანი ვართ, იქ სხვა დონეა, ეჰ იქამდე როდის მივალთ“ (ვერც მიხვალ, ხელს თუ არ გაანძრევ). რაღაც ჩარჩოებს ვეძებთ, რაღაცეების რეგულირებებს ვახდენთ (თითქოს საზოგადოებს აკდლეს ჩარჩოები) , ვეძებთ ,,მას“ ვინც მოვა და მოგვიგვარებს (როდის უნდა დამთავრდეს ეს მესიანიზმი, ანუ სიზარმაცე) და ა.შ. საკმარისია გამოვიჩინოთ ინტერესი, მოვძებნოთ გზები, გავიაზროთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საქმეა. ერთხელ მაინც მოვეშვათ ,,ჯიპებზე“ ფიქრს. ყველა ვხვდებით იმას, რომ მთალდ სახარბილეო პირობებში არ ვცხვრობთ და ერთი ,,ჯიპი“ დღეს ყველას სჭირდება... ყოველთვის მოგვინდება იმაზე მეტი, ვიდრე გვაქვს, ყოველთვის გამოჩნდება თავის ასარიდებელი მიზეზი...შექმნილი მდგომარეობა არ გულისხმობს ადამიანობის დაკარგვას. საკმარისია ხელის გაწვდენა, ფხიზლად გაანალიზება იმისი რაც გვჭირს და რაც გვიჭირს. თუ ყოველი ჩვენგანი თავი საქმეს პატიოსნად გააკეთებს, დღის ბოლოს  უდიდეს სიამოვნებას მიიღებს, იმაზე უფრო მეტს ვიდრე ჯიპში ჯდომაა და ხელგამოწვდილი ადმაიანის დანახვაზე შიგ ჩაყუნჭვა... თქვენ უკეთ იცით რატომაც.

გასაგებია, რომ  ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. უფრო სერიოზული რამეებიც გვაქვს საფიქრელად: მსოფლიო წინ მიდის, იგონებს სხვადასხვა ტიპის იარაღს, ვინდოუსის ახალ ვესიას, გაუმჯობესებულ აიპადს, ახლა ,,რენჯის“ ახალი მოდელიც გამოვა... მსოფლიოს ადამიანები გამორჩა.

Sunday, May 18, 2014

თავისუფლების კუნძული

,,ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება...  იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ

განათლების რეალიზება ჩვენს ქვეყანაში

შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? - ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.

ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ- სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე მაგისტრატურას ამთავრებდა და დოქტორანტურაზეც ფიქრობდა; თუმცა, როგორც ამბობდა, სამუშაო ვერ იშოვა.ამ გოგონას მაგივრად მე გამიჩნდა კითხვა, რატომ ვსწავლობთ (ან სწავლობს) ამდენს, თუ ვერ შევძლებთ რეალიზებას? ეს ნაწილობრივქართველების სენია“: ყველას სურს, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და არც კი ფიქრობს მის რეალიზებაზე. თუმცა არსებობს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა: საქართველოს ყველა უნივერსიტეტში ირწმუნებიან, რომ მათთან უმაღლესი განათლების პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტი დასაქმდება, თუმცა დაპირება რეალობას არ შეესაბამება. ეს გარკვეულწილად სახელმწიფოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის, რესურსების არქონის, სამუშაო ადგილების სიმწირის ბრალიცაა. რა ქნას ამ დროს უნივერსიტეტმა? უმაღლესი სასწავლებელი ემსგავსება ქარხანას, რომელიც უშვებს ძვირფას, მაგრამ უფუნქციო პროდუქციას...
მოკლედ, წლების შემდეგ ქვეყანა იღებს უმაღლეს განათლებულთა არმიას, რომელთა დასაქმებას ვერ ახერხებს ვერც სახელმწიფო და თავისთავად ვერც კერძო სტრუქტურები. იქმნება ორდიპლომიანი ტაქსისტებისა და მოლარე-ოპერატორების ჯარი.
არის ერთი ნიუანსი: თითქმის ყველა დამსაქმებელი ითხოვს მაგისტრის ხარისხს და როგორც სტუდენტები ირწმუნებიან, ბაკალავრის დიპლომიარაფერია“. ეს ფაქტი საფიქრალში მაგდებს, - რას ნიშნავსარაფერია?“ იქნებ არ მსურს, ან არ მაქვს საშუალება, რომ სწავლა გავაგრძელო. რა გამოდის, ტყუილად ვსწავლობ ბაკალავრზე? თუ დავიჯერო, საქართველოში ყველგან ისეთი ვაკანსიებია, რომ მხოლოდ მაგისტრი თუ გაართმევს თავს დაუბრალობაკალავრი უნდა მოისროლონ? პირადად მე ლოგიკას ვერა, მაგრამ ამპარტავნობას ვამჩნევ, რომელიც კარგს არაფერს გვიქადის.



  


გამოქვეყნებულია გაზეთ ,,ბათუმელებში“ , ასევე ,,ბათუმელები“-ს ვებ გვერდზე

 2012.05.30